ვერეს ხეობაში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები დაიწყო
ამობეჭდვა · 08 / 04 / 2019 12:45
ვერეს ხეობაში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები დაიწყო

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ვერეს ხეობაში, თამარაშვილის ქუჩიდან ახალი გზის მიმართულებით, მოსახლეობის მიერ დანაგვიანებული ფერდობებისა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება დაიწყო.

დასუფთავების მასშტაბურ სამუშაოებს, რომელიც ტერიტორიის სრულ მოწესრიგებამდე ჩატარდება, დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავასთან ერთად გაეცნო.

„მდინარე ვერეს კალაპოტი და მიმდებარე ფერდობები დაბინძურებულია. ამჟამად, ვერეს კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები ხორციელდება. საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული უბანია და შესაბამისად, რთული სამუშაოებია ჩასატარებელი, თუმცა „თბილსერვის ჯგუფი“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ტერიტორია სრულად მოაწესრიგოს. ამის შემდეგ გადავალთ უკვე ქალაქის შემოსავლელისა და გასასვლელის დასუფთავებასა და მოწესრიგებაზე, სადაც ანალოგიური მდგომარეობაა“, - განცხადა კახა კალაძემ.

დასუფთავების მასშტაბური აქცია ნარჩენების რაოდენობიდან გამომდინარე, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ 30-მდე თანამშრომელია ჩართული. ადგილზე ასევე, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.

მიმდინარე სამუშაოები თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით ხორციელდება.
 

ტეგები