"კაცი ხომ არ გინდაო" - ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
ამობეჭდვა · 09 / 04 / 2019 15:40
"კაცი ხომ არ გინდაო" - ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე ნაკრების მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით თათია ლორთქიფანიძემ, მისმა მამამ, დიმიტრი ლორთქიფანიძემ და პირადმა მწვრთნელმა გელა მახარაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

სპორტსმენის ინფორმაციით, ქალთა ნაკრების მწვრთნელი თემურ ჯანჯღავა მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა. ძალოსნის განცხადებით, ის ჯანჯღავასთან შეკრებაზე არ გამოცხადდა და ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ მისგან დაჟინებულად მოითხოვდნენ ორსულობის ტესტის ჩატარებას. გარდა ამისა, ის ევროპის ჩემპიონატის წინ სანაკრებო განაცხადიდან ამოიღეს და უდისციპლინობაში დასდეს ბრალი.

„იყო ტრენერის მიერ შეურაცხყოფის ფაქტები, ზეწოლა, ორსულობის თემა დამაბრალა. ეს ჩემთვის მიუღებელი იყო. ერთხელ ოთახში შემოვიდა – „კაცი ხომ არ გინდაო?“ ეს ძალიან შეურაცხმყოფელი იყო“, - განაცხადა თათია ლორთქიფანიძემ.

ძალოსანი სტატუსის აღსადგენად ბრძოლას სასამართლოს გზით აპირებს. ბრალდებებთან დაკავშირებით კი ძალოსნობის ფედერაციაში ბათუმში მიმდინარე ჩემპიონატის დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებენ.

წყარო: imedinews.ge

ტეგები