პატრიარქი 9 აპრილზე: ვგრძნობდი, რომ ხალხი არ დამიჯერებდა
ამობეჭდვა · 09 / 04 / 2019 17:24
პატრიარქი 9 აპრილზე: ვგრძნობდი, რომ ხალხი არ დამიჯერებდა

ვგრძნობდი, რომ ხალხი არ დამიჯერებდა, - ამის შესახებ „იმედის დღესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების გახსენებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ისაუბრა.

„ძალიან ძნელია იმ ღამის გახსენება, რაც მოხდა რუსთაველის გამზირზე. ჩემთან შუაღამისას მოვიდნენ გორგოძე და მერაბ ღუდუშაური. მითხრეს, რომ საშიშროება ელოდებოდა საქართველოს. მთხოვეს, წავსულიყავი და მიმემართა ხალხისათვის. ძალიან მიჭირდა, ვგრძნობდი, რომ ხალხი არ დამიჯერებდა. მე მოვუწოდე, შესულიყვნენ ქაშვეთში. წინასწარ ვგრძნობდი, რომ უარს მეტყოდნენ, მაგრამ მზად ვიყავი ვყოფილიყავი ჩვენ ხალხთან ერთად. როცა მივმართე, რომ საშიშროება რეალურია, ხალხი გაჩუმდა, სიმშვიდე ჩამოვარდა, მერე დაიყვირეს - არა! ეს იყო მზადყოფნა, ხალხი გრძნობდა, რომ სიკვდილის წინ იმყოფებოდა და წამოვიდა ტანკები. მაგრამ ახალგაზრდები შემომეხვივნენ გარშემო, მე გულიც მომივიდა, რატომ დამიდგნენ წინ. ისინი დადგნენ იმისთვის, რომ დაცვა ყოფილიყო, სროლა თუ იქნებოდა, არ მომხვედროდა“, – აღნიშნა პატრიარქმა.

დღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
 

ტეგები