კონცერტს, სადაც "ტიტები" კაცებმა უნდა შეასრულონ, საზოგადოებრივი დღეს ეთერში არ გაუშვებს
ამობეჭდვა · 09 / 04 / 2019 19:03
კონცერტს, სადაც "ტიტები" კაცებმა უნდა შეასრულონ, საზოგადოებრივი დღეს ეთერში არ გაუშვებს

კონცერტს, სადაც ჯემალ სეფიაშვილის სიმღერის "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" ახალი ვერსია მხოლოდ კაცებმა უნდა შეასრულონ, საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში დღეს აღარ გაუშვებს. ამის შესახებ On.ge არხის წარმომადგენელ რუსუდან მანჯგალაძეზე დაყრდნობით წერს.

მისი განმარტებით, ტელეკომპანია კონცერტს ჩაიწერს, რომელიც არქივში შეინახება. მისივე თქმით, პირველი არხი გადაწყვეტს, გაუშვებს თუ არა ამ ჩანაწერს მოგვიანებით ეთერში. ის აზუსტებს, რომ დღეს ფილარმონიიდან კონცერტის ტრანსლაცია არ შედგება.

9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წლის თავზე სიმღერის "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" ახალი ვერსია ჩაიწერა. კომპოზიტორის, ჯემალ სეფიაშვილის განმარტებით, სიმღერას მხოლოდ კაცები შეასრულებენ.

"ვთვლით, რომ ოჯახის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის დამცველი არის მამაკაცი და სწორედ ამიტომ, აი, ეს 25 მამაკაცი იმღერებს ამ სიმღერას", — ასეთი სექსისტური განცხადება გააკეთა სეფიაშვილმა კრიტიკოსების მისამართით.

30 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა არმიამ 10 000-იანი მიტინგი დაარბია. სადამსჯელო ღონისძიებებს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან 17 ქალია. ქალებს შორის ყველაზე უმცროსები 16 წლის ეკა ბეჟანიშვილი და თამუნა ჭოველიძე იყვნენ, უფროსი კი 70 წლის თინა ენუქიძე. იმდროინდელ ბეჭდურ გამოცემებთან ინტერვიუში აქციის მონაწილეები იხსენებენ, რომ ჯარისკაცები ყველაზე აგრესიულები ორსულების და მოხუცების მიმართ იყვნენ. 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ორ მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს — 1989 წლის ტრაგედიასა და ბრძოლით მიღწეულ შედეგს — 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენას.

ტეგები