ივანიშვილი: გირგვლიანის საქმეში შავგულიძე იყო თამაშის მონაწილე
ამობეჭდვა · 09 / 04 / 2019 23:01
ივანიშვილი: გირგვლიანის საქმეში შავგულიძე იყო თამაშის მონაწილე

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "პირისპირ"-ის ეთერში ვრცლად ილაპარაკა.

ბიძინა ივანიშვილმა მოსამართლე ლევან მურუსიძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები განიხილა, რასაც პარადოქსი უწოდა. "ჩვენ პარადოქსების ქვეყანა ვართ და ეს შემთხვევა ჩემთვის პარადოქსულია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ დღეს მურუსიძე გირგვლიანის მკვლელობის სინონიმია.

მისი თქმით, გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძე იყო, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მკვლელობაში ბრალდებულებისთვის მისჯილი სასჯელის ზომა სააპელაციო სასამართლოში არ გაასაჩივრა, რაც ივანიშვილის შეფასებით, ხელისშემშლელი ფაქტორი გახდა უზენაესი სასამართლოს მაშინდელი მოსამართლისთვის, ლევან მურუსიძისთვის, რომ საქმე პირველ ინსტანციაში დაებრუნება.

ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, იმის გამო რომ შავგულიძემ საქმე სააპელაციოში არ გაასაჩივრა, მურუსიძეს ფორმალური შესაძლებლობა არ ჰქონდა, რომ საქმე პირველ ინსტანციაში დაებრუნებინა.

"არავითარი ვარირების საშუალება რიგით მოსამართლეს, მურუსიძეს უზენაეს სასამართლოში არ ჰქონდა. ადრე ვფიქრობდი, რომ შალვა შავგულიძეს ეს გამოუცდელობით მოუვიდა და შეცდომა დაუშვა, მაგრამ დღევანდელ სიტუაციას თუ შევხედავთ, გადავაფასოთ აქვე. შავგულიძის დღევანდელ პოზიციას თუ ვნახავთ - "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გახდა, "ევროპული საქართველოა", მაგრამ ეს ერთია ჩემთვის. და ის, რაც მეგონა რომ გამოეპარა და შეცდომა დაუშვა, როცა აპელაციაში არ დაწერა, დღეს ასე აღარ ვთვლი. ის იყო თამაშის მონაწილე. და პარადოქსია, რომ დღეს საზოგადოებაში შავგულიძე ასოცირდება როგორც გმირი, რომელმაც დაიცვა გირგვლიანების ოჯახი და მურუსიძე ასოცირდება როგორც მკვლელი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

ტეგები