მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების რიგებს ექვსი ქალი შეემატა
ამობეჭდვა · 10 / 04 / 2019 12:45
მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების რიგებს ექვსი ქალი შეემატა

მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლის პოზიციაზე კიდევ ექვსი ქალი დასაქმდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  

მისი თქმით, ექვსივე ქალი „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ გადამზადების შესაბამისი პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ დასაქმდა. 

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“, დამატებით, ექვსი ქალი  დასაქმდა. მათ დანარჩენი ქალი მძღოლების მსგავსად, გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს,  რომელსაც „სატრანსპორტო კომპანიისა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დახმარებით ვახორციელებთ. აღნიშნული გადამზადების პროგრამა  დღეისთვის, 21 ქალს აქვს გავლილი. მათ D კატეგორიის მართვის მოწმობაც აიღეს. ქალი მძღოლები დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებს იმ ახალი მუნიციპალური ავტობუსებით მოემსახურებიან, რომლებიც თბილისში უახლოეს დღეებში ჩამოვა. მათი  ნაწილი კი უკვე ჩამოსულია“, - განაცხადა თბილისის მერმა.   

ქალებისთვის ავტობუსის მძღოლის სასწავლო კურსის განხორციელება გასული წლიდან დაიწყო. სწავლება „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობდა, რომელიც გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად. 

სასწავლო კურსი 25-მა ქალმა გაიარა, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ, D კატეგორიის მართვის მოწმობა აეღოთ. კურსი და მართვის მოწმობის გამოცდის ღირებულება პროექტის მიერ ანაზღაურდა.