ისნის რაიონში 350 ბავშვზე გათვლილი ახალი ბაგა-ბაღი შენდება
ამობეჭდვა · 11 / 04 / 2019 15:26
ისნის რაიონში 350 ბავშვზე გათვლილი ახალი ბაგა-ბაღი შენდება

ისნის რაიონს 350 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატება. მშენებლობის პროცესს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე რაიონის გამგებელთან, კახა ლაბუჩიძესთან და საკრებულოს დეპუტატებთან, თამარ ტალიაშვილთან და ნინო ლაცაბიძესთან ერთად ნავთლუღის ქუჩის N8-ში გაეცნო.
სკოლამდელი აღზრდის ამ დაწესებულებაში 11 სააღმზრდელო ჯგუფი იქნება და 7-მდე ადამიანი დასაქმდება. საბავშვო ბაღში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოება და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
„ისნის რაიონში საბავშვო ბაღებზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების არსებული რაოდენობა კი ამ მოთხოვნას სრულად ვერ აკმაყოფილებს. ნავთლუღის ქუჩის გარდა, კიდევ ერთი ბაღი ქინძმარაულის ქუჩაზე აშენდება, ხოლო სულ დედაქალაქის მასშტაბით, ამჟამად 10 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ადგილობრივ მოსახლეობას რამდენიმე თვეში საშუალება ექნება დაარეგისტრირონ ბავშვები ნავთლუღის ქუჩაზე მდებარე ახალ საბავშვო ბაღში, რაც უამრავი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება.
მშენებლობას კომპანია „ინდივიდ-პარტნიორი“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 2 777 000 ლარია და მისი დასრულება 9 თვეში იგეგმება. 

ტეგები