იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
ამობეჭდვა · 11 / 04 / 2019 17:18
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც სხდომაზე პარლამენტის წევრმა, გოგა გულორდავამ წარადგინა.

კანონპროექტის თანახმად:

· სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;

· ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით;

· წინასწარი შეცნობით სატრანსპორტო საშუალების გზაზე გაჩერება ან დგომა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან „TEST“ ნომრის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

დღევანდელ სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კიდევ ერთი კანონპროექტი განიხილა მეორე მოსმენით, რომელიც პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა წარადგინა.

კანონპროექტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებისას მოქმედი 10 ლარიანი ჯარიმა იზრდება და განისაზღვრება 50 ლარით, როგორც დედაქალაქის, ასევე თვითმმართველი ქალაქების ტერიტორიაზე და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის განწესების პროცედურისა და კრიტერიუმების თაობაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტები: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“.

კანონპროექტების ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია, გელა მიქაძე, ემზარ კვიციანი, ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე, გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური.

წარმოდგენილი კანონპროექტები მიზნად ისახავს დამოუკიდებელი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურების დახვეწას.

კანონპროექტის მთავარი პრინციპებია: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელებისა და შერჩევის ღია და საჯარო პროცესი; ღია კონკურსი; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეტაპზე კანდიდატების შერჩევის სამართლიანი და თანასწორი ხმის მიცემის მოთხოვნები; არჩევის ცხადი შესაძლებლობა და შერჩევის კრიტერიუმები; ე.წ. გრძელი სიის არსებობა; ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა; იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრის დროს გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს მოსამართლე წევრთა 2/3-ის და არამოსამართლე წევრთა 2/3-ის მხარდაჭერით; ერთ ვაკანტურ პოზიციაზე არანაკლებ სამი კანდიდატის წარდგენა; გასაჩივრების წესი.

კანონპროექტში გაწერილია პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა განხილვის წესი. „ჩვენი კანონპროექტი პარლამენტს აძლევს ყველაზე მეტ უფლებას და ყველაზე მეტ შესაძლებლობას იმისთვის, რომ კარგი მოსამართლეები აირჩიონ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ექნება განსაკუთრებული ფუნქცია. სამუშაო ჯგუფში არ იქნებიან პოლიტიკოსები, არამედ იქნებიან მხოლოდ ისინი, ვისაც კომპეტენცია, გამოცდილება და უნარი აქვს იყოს ამ ჯგუფის წევრი და იმუშაოს კანდიდატების ინფორმაციაზე. ვფიქრობ, რომ ეს არის პარლამენტისთვის კარგი ვერსია“, - განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, წარმოდგენილი პროექტით, პარლამენტს აქვს „გრძელი სია“ და დიდი არჩევანი ყველა იმ კანდიდატის, რომელიც დააკმაყოფილებს მოთხოვნებს და გაივლის პირველ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფილტრს.

„ამის შემდეგ, პარლამენტს შეუძლია უკვე იმსჯელოს ძალიან დეტალურად, მოაწყოს უპრეცენდენტო განხილვა და საბოლოოდ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანაში შექმნის უკეთეს მომავალს და პასუხს გასცემს ამდენწლიან ბრძოლას და მცდელობას შეიქმნას დამოუკიდებელი სასამართლო“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, კანონპროექტი მზადდებოდა ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. კერძოდ, კონსულტაციები გაიმართა: ადვოკატთა ასოციაციასთან, იურიდიული ფირმების გაერთიანებასთან, კოალიცია „დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულებისთვის“, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს და აშშ საელჩოს წარმომადგენლებთან, გერმანიის განვითარების საერთაშორისო ფონდის, პროექტ „პროლოგის“, USAID წარმომადგენლებთან ,საერთაშორისო ექსპერტებთან რენეტა ვინტერთან და ალეშ ზალართან.

ეკა ბესელიამ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა, რის შემდეგაც დეპუტატებმა წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.

კომიტეტის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ" შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ ოქმი.

ოქმს ხელი მოეწერა 2019 წლის 28 იანვარს ქ. მადრიდში და მისი გაფორმება მიზნად ისახავს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმების დებულებების შემდგომ დაზუსტებას და მათ თავსებადობაში მოყვანას საქართველოში არსებულ რეალობასთან, რაც გულისხმობს 2015 წლის პირველი აგვისტოდან, საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩამოყალიბებას და მისი საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის განსაზღვრას. შესაბამისად, ოქმის დადება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის არსებული თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას. კომიტეტმა მხარი დაუჭირა ოქმის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებას.

ტეგები