ირაკლი ბერაია ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
ამობეჭდვა · 12 / 04 / 2019 16:04
ირაკლი ბერაია ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ბერაია საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როსარია პულისს და ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმები განიხილეს და ალიანსის გენერალური მდივნისა და სამხედრო კომიტეტის ვიზიტი, ასევე 2019 წლის ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება შეაფასეს.

განსაკუთრებით აღინიშნა თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების წარმატება და მისი მნიშვნელობა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. შეხვედრაზე სასაუბრო თემებს აგრეთვე განეკუთვნებოდა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, საქართველოში ეროვნული უსაფრთხოების სფეროში უწყებათშორისი კოორდინაციის და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველოს მონაწილეობის საკითხს დაეთმო.

ირაკლი ბერაიას და როსარია პულისის შეხვედრაზე ყურადღება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტსა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზეც გამახვილდა.






 

ტეგები