ირაკლი ხმალაძე მერიასთან გამართული აქციის ორგანიზატორებს შეხვდა
ამობეჭდვა · 12 / 04 / 2019 16:29
ირაკლი ხმალაძე მერიასთან გამართული აქციის ორგანიზატორებს შეხვდა

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე დედაქალაქში სატრანსპორტო მოძრაობის მოწესრიგების მოთხოვნით, “მწვანე კლუბის” მიერ ორგანიზებული აქციის წარმომადგენლებს შეხვდა. სტუდენტების განცხადებით, აუცილებელია დარეგულირდეს გაუმართავი ავტომანქანების საკითხი და გატარდეს ტაქსების ეფექტური რეფორმა.

როგორც ხმალაძემ შეხვედრაზე განაცხადა, ახალგაზრდული აქტივობა მისასალმებელია და მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც დედაქალაქის მერია სატრანსპორტო პოლიტიკის და შესაბამისად, ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით ახორციელებს.

„ჰაერის დაბინძურება ქალაქის პრობლემა რომ არის, ეს ყველამ კარგად ვიცით და არ შეიძლება, ამ იდეას არ ვიზიარებდეთ. მეც მიმაჩნია, რომ სწორია ის იდეა, რის გამოც ეს ახალგაზრდები პროტესტს გამოხატავენ. ალბათ, ჩვენც უნდა უზრუნველვყოთ
მათი მეტი ჩართულობა იმ აქტივობაში, რასაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს. ჩვენთვის ეს დღეს არ გამხდარა ცნობილი. უკვე წელიწადზე მეტია, ძალიან ბევრი რამ დავგეგმეთ და ვახორციელებთ ამ მიმართულებით ქალაქში და კიდევ უფრო
მეტი ღონისძიება განხორციელდება ჰაერის დაბინძურების შემცირების მიმართულებით. აქ არის ორი ძირითადი პრობლემა: პირველია ტრანსპორტიდან გამონაბოლქვი, რომელიც ჰაერს აბინძურებს და მეორე, საშენი მასალის უსისტემო,
უსტანდარტო და არასწორი მიმოქცევა თბილისის სამშენებლო ბაზარზე. შესაბამისად, ჩვენ ორივე მიმართულებით ძალიან ეფექტური გეგმა გვაქვს შემუშავებული, ბევრს ვმუშაობთ. პარლამენტში უკვე წარდგენილია საკანონდებლო
პაკეტი, რომელიც მუნიციპალიტეტს საშუალებას მისცემს, შემოიღოს დამატებითი შემზღუდავი მექანიზმები საშენი მასალის განთავსება-ტრანსპორტირების მიმართულებით, ვინაიდან სწორედ ამ პროცესში ხდება საშენი მასალის ამტვერება,
რაც შემდგომში იწვევს ჰაერის კრიტიკულ დაბუნძურებას. რაც შეეხება სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებას, ამას ემსახურება ზონალური პარკირებაც, ტაქსების რეფორმაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაც, როგორც მეტროს, ისე ავტობუსების მიმართულებით, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განახლება. ეს დაახლოებით ორწლიანი პროგრამაა, რომელიც შედეგს აუცილებლად მოიტანს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ტეგები