ბორდის ორი წევრი აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს ითხოვს
ამობეჭდვა · 12 / 04 / 2019 19:34
ბორდის ორი წევრი აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს ითხოვს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა - ირაკლი დარცმელიძემ და გიგა ჩხარტიშვილმა აჭარის ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა. საბჭოს წევრებმა ბორდს 15 გვერდიანი წერილით მიმართეს, სხდომა 10 დღეში უნდა ჩაინიშნოს.

პროცესს ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველი და აცხადებს, რომ "ხელოვნურად მოგონილი მგონია ის არგუმენტები, თითქოს ეს ტელევიზია არ ახორციელებდა საზოგადოებრივი მაუწყებლობის პრიორიტეტებს".

პროცესს საქართველოში მოქმედი 12 არასამთავრობო ორგანიზაციაც გამოეხმაურა, რომლებიც უარყოფითად აფასებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის ინიციატივას, ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შესახებ.

"აჭარის ტელევიზია და რადიო ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან შეფასდა, როგორც თავისუფალი, მიუკერძოებელი და მზარდი ინსტიტუტი, მკვეთრად პოლარიზებულ და პოლიტიზირებულ მედიაგარემოში", - ნათქვამია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ხუთწევრიანი ბორდიდან უმრავლესობა, ანუ სამი წევრი თუკი მისცემს ხმას მოქმედი დირექტორის წინააღმდეგ, ნათია კაპანაძე თანამდებობას დატოვებს.

ტეგები