მერის მოადგილეების ანაზღაურება არ გაზრდილა - თბილისის მერიაში აუდიტის სამსახურს პასუხობენ
ამობეჭდვა · 12 / 04 / 2019 19:51
მერის მოადგილეების ანაზღაურება არ გაზრდილა - თბილისის მერიაში აუდიტის სამსახურს პასუხობენ

ის ანაზღაურება, რომელსაც მერის მოადგილეები და თანამდებობის სხვა პირები იღებდნენ, არ გაზრდილა - პირიქით, შემცირებულია, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. ვიცე-მერი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტების შემაჯამებელი ანგარიშის შედეგებს ეხმიანება. ამის შესახებ"ინტერპრესნიუსი" წერს.

ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ პარლამენტმა აღნიშნულ საკითხზე უკვე იმსჯელა და საჯარო სამსახურში ანაზღაურების რეფორმა განახორციელა, რომლიც შედეგადაც, 2018 წლის პირველი იანვრიდან საჯარო სამსახურში ანაზღაურების ფორმა შეიცვალა.

„2018 წლის პირველ იანვრამდე საჯარო სამსახურში ანაზღაურება, მათ შორის, თანამდებობის პირების - ვიცე-მერებისა და მოადგილეების, თანამდებობრივი სარგოს, პრემიისა და დანამატებისგან შედგებოდა. პრემია-დანამატებს სისტემური ხასიათი ჰქონდა, ანუ ყოველთვიურად გაიცემოდა, რაც სრულიად უსისტემო და არასწორი იყო. შეუძლებელია, ყოველთვიურად თანამშრომელი პრემია-დანამატს იღებდეს. მით უფრო, მერის მოადგილე და ვიცე-მერი. პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ძალაში 2018 წლის პირველი იანვრიდან შევიდა და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. ის, რასაც მუდმივად იღებს თანამშრომელი, თანამდებობრივი სარგოა, ხოლო პრემია და დანამატი უნდა გამოიწეროს განსაკუთრებული შრომისთვის, ან ზეგანაკვეთური ნამუშევარი საათების მიხედვით“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, ის ანაზღაურება, რომელსაც მერის მოადგილეები, ვიცე-მერი, ისევე როგორც მინისტრის მოადგილეები, მინისტრები და თანამდებობის სხვა პირები ხელფასის, დანამატისა და პრემიის სახით მუდმივად, სისტემატურად იღებდნენ, ხელფასში გაერთიანდა და მათზე პრემია-დანამატის გაცემა აიკრძალა. შესაბამისად, აღნიშნული თანამდებობის პირების ანაზღაურება, არ გაზრდილა.

„თუ შევადარებთ, რა თანხები ერიცხებოდა მერის მოადგილესა და ვიცე-მერს წინა წლებში და რა თანხები ერიცხებათ ახლა, ანაზღაურება პირიქით, შემცირებულია. საუბარია იმაზე, რომ რამდენიმე კატეგორია გაერთიანდა ერთ კატეგორიაში. ეს არის თანამდებობრივი სარგო. მერის პირველ მოადგილესა და მერის მოადგილეზე დანამატისა და პრემიის გაცემა საერთოდ აიკრძალა, ისევე, როგორც მინისტრის მოადგილესა და მინისტრზე და, რა თქმა უნდა, მერზე. ანაზღაურების რაოდენობის თვალსაზრისით, ადგილი აქვს თანხების შემცირებას 2011-2013 წლებთან შედარებითაც კი. პარლამენტს რომ მოუწოდებენ იმსჯელოს, საკანონმდებლო ორგანომ აღნიშნულ საკითხზე უკვე იმსჯელა და ეს რეფორმა განახორციელა. ამის შედეგია ეს ყველაფერი“, - განაცხადა ხმალაძემ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით, გასული წელს თბილისის მერის პირველი მოადგილის ანაზღაურება 113.6%-ით, ხოლო მერის მოადგილის 119.6%-ით გაიზარდა.

თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს დედაქალაქის ვიცე-მერის წლიური თანამდებობრივი სარგო 75 600 ლარს, ხოლო მერის მოადგილეების ანაზღაურება 73 800 ლარს შეადგენდა. 2013-2016 წლებში კი მერის მოადგილეების წლიური თანამდებობრივი სარგო 89 243-დან 101 336 ლარის ფარგლებში მერყეობდა.

ტეგები