თავდაცვის მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, ქართველი იუნკერის მიერ ამერიკელ სამხედრო ქალზე ძალადობის შესახებ
ამობეჭდვა · 15 / 04 / 2019 15:30
თავდაცვის მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, ქართველი იუნკერის მიერ ამერიკელ სამხედრო ქალზე ძალადობის შესახებ

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქართველი იუნკერის მიერ ამერიკელი სამხედრო გოგონას მიმართ ძალადობის ფაქტს ჰქონდა ადგილი, კატეგორიულად უარყოფს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" წერს.

იზორიამ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში გასული ინფორმაცია ქვეყნის, განსაკუთრებით კი თავდაცვის უწყების მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხის შემცირებას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, ფაქტს უარყოფენ აშშ-ის საელჩოშიც.

"მინდა გამოვეხმაურო გარკვეული მედიასაშუალებების მიერ წარმოებულ კამპანიას,რომლის მიზანია ჩრდილი მიაყენოს ჩვენს რეფორმებს, წარმატებებს, რომელიც გვაქვს თავდაცვის უწყებაში. ჩრდილი მიაყენოს იმ მზარდ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც გვაქვს ნატოსთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაში. როდესაც ამ პოზიტივზე ვსაუბრობ, მხედველობაში მაქვს ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების საერთაშორისო აღიარება , რომელსაც დღითი-დღე საქართველო და თავდაცვის უწყება იმსახურებს ჩვენი ობიექტური დამკვირვებლებისგან.

მინდა განსაკუთრებით ბოლო ინფორმაციაზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც შაბათს, „კურიერის“ მიერ იქნა გავრცელებული და სადაც საუბარი იყო იუნკერის მიერ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე აშშ-ს სამხედრო გოგონას მიმართ,რაც არამხოლოდ ჩვენს მიერ, არამედ ასევე აშშ-ს საელჩოს მიერ იქნა კატეგორიულად უარყოფილი, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

მე ვთვლი , რომ ეს დეზინფორმაციის კამპანია არის გამიზნული, რომ ზოგადად საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების და განსაკუთრებით თავდაცვის ძალების მიმართ ნდობის ხარისხი შემცირდეს. ამას ცდილობენ, მართალია უშედეგოდ, უსუსურად, მაგრამ ტყუილებით, ყოველგვარი ფაქტების გარეშე. ტელეკომპანია, რომლის ფაქტობრივი მმართველი საუბრობს, ე.წ. დასავლეთის კოლონიალისტურ პოლიტიკაზე და მიდგომებზე მათ შორის, საქართველოს მიმართ, ეს დეზინფორმაციული კამპანია ამ ფონზე მართლაც რომ გაკვირვების საგანს ჩემთვის არ წარმოადგენს.

პირადად მე და ხელისუფლება, ქართველ ხალხთან ერთად , რომლის უმრავლესობის მისწრაფება არის დასავლეთში ინტეგრირება, დასავლური ღირებულებების დაცვა, ყველაფერს გავაკეთებთ მსგავსი განცხაებების, დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ. გავაკეთებთ ფაქტებით, სიმართლით, ჭეშმარიტებით ", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ტეგები