იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა
ამობეჭდვა · 15 / 04 / 2019 23:52
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენისა და არჩევის პროცედურის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის, მუხლობრივად განიხილა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“.

ცვლილებების ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

მომხსენებლის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, არასწორია ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება არ ელოდება ვენეციის კომისიის დასკვნას.
„ორი-სამი დღის განმავლობაში მოვისმინეთ მოსაზრებები, რომ თითქოს საერთო სასამართლოებთან დაკავშირებით ცვლილებებზე ხელისუფლებამ პოზიცია შეცვალა და არ ელოდება ვენეციის კომისიის დასკვნას, რაც არ არის სწორი შეფასება. ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება ხვალ. ჩვენს საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ვენეციის კომისიის შემოთავაზებები პლენარულ სხდომამდე იქნება გათვალისწინებული და შესაბამისად განხილული. აქედან გამომდინარე, საუბარი და ინსინუაციები იმაზე, რომ ხელისუფლება ვენეციის კომისიას არ ელოდება არ არის სწორი განმარტება. სწორედ ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილებით მოხდა ის, რომ კანონპროექტები გავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში“,-აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვენეციის კომისია ინფორმირებულია იმის თაობაზე, რომ საერთო სასამართლოების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები მიმდინარე სასესიო კვირაში განიხილება.

„ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას და რეკომენდაციებს ხვალ დღის ბოლომდე და მისი მიღებისთანავე უზრუნველვყოფთ, რომ პარლმენტში მოხდეს მისი განხილვა. ახალი რეგლამენტი იძლევა ამის შესაძლებლობას და კენჭისყრამდე რეკომენდაციებს ავსახავთ და ისე მოხდება ამ ცვლილებების კენჭისყრა. შესაბამისად, პირობა და შეთანხმება, რომელიც იყო ვენეციის კომისიასთან, ჩვენი მხრიდან იქნება დაცული“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კომიტეტის სხდომაზე, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე კანონპროექტის განხილვის გადადება მოითხოვეს და საპარლამენტო უმრავლესობას მიმართეს, რომ მეორე მოსმენით განხილვა არ დაიწყოს მანამ, ვიდრე ცნობილი არ გახდება ვენეციის კომისიის დასკვნა.

კენჭისყრის პროცედურის ჩატარების შედეგად, კომიტეტის წევრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საკითხის დღევანდელ სხდომაზე განხილვას.

წარმოდგენილი კანონპროექტით რეგულირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის პროცედურა. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევა, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენა მოხდება გამჭვირვალე, საჯარო, ღია და ხანგრძლივი პროცესით, რომელიც დეტალურად იქნება გაწერილი საკანონმდებლო დონეზე.

საკანონმდებლო პაკეტის მუხლობრივ განხილვაში, პარლამენტის წევრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც. განხილვის პროცესში გამოითქვა როგორც შენიშვნები, ასევე განსხვავებული მოსაზრებები. როგორც მომხსენებელმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებზე მსჯელობა, კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვის დროს გაგრძელდება.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას იმ დათქმით, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის გაცნობის შემდგომ, საკითხზე მსჯელობა, მისი პლენარულ სხდომაზე გატანამდე, გაგრძელდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს კანონის პროექტები: „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კანონპროექტით ხდება უმაღლესი თანამდებობის პირებისათვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენების პროცედურების გამართვა. ასევე, სამსახურში მიღების, სამსახურის გავლისა და სამსახურიდან დათხოვნის ზოგიერთი საკითხის მეტი მოწესრიგება, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში, შესაბამისი თანამდებობის პირთათვის შეტყობინების გაგზავნის ქმედითი სისტემის შექმნა, დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების დაწესება.

როგორც საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, კანონპროექტში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, VII მოწვევის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დაცვით უზრუნველყოფა აღარ მოხდება 2020 წლისთვის. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომელიც სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ წარმოადგინა.

კანონპროექტის მიღებით საქართველოში მიმდინარე კანონშემოქმედებით პროცესში რეგულირების ზეგავლენის შეფასების სისტემის დანერგვის შესახებ საკანონმდებლო დონეზე გაკეთდება შესაბამისი განაცხადი. თავის მხრივ, რეგულირების ზეგავლენის შეფასების სისტემამ უნდა უზრუნველყოს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებამდე საკითხის კომპლექსურად შესწავლა, ხელი შეუწყოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ მტკიცებულებებზე დაფუძნებული, სწორი არჩევანის გაკეთებას და არსებულ პრობლემათა გადაჭრის ყველაზე ეფექტიანი გზების მოძიებას, რა მიზნითაც, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში უნდა შევიდეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს ის ინსტიტუციური ჩარჩო, რომელმაც რეგულირების ზეგავლენის შეფასება კანონშემოქმედებითი პროცესის სავალდებულო ელემენტად უნდა აქციოს.

სხდომაზე, ასევე, მეორე მოსმენისთვის იქნა განხილული კანონპროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა წარმოადგინა.

კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ტექსტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონის პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

კანონპროქტის თანახმად, დასჯადი გახდება პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზება ან/და უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის უფლებებისა ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობა/ორგანიზება. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

სხდომაზე, ასევე მესამე მოსმენით იქნა განხილული კანონპროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კანონპროექტით განისაზღვრება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლის განმარტება. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი ცვლილებების პლენარულ სხდომაზე განხილვას. ​