პარლამენტი UNICEF-თან ერთად აგრძელებს ბავშვთა უფლებების დაცვაზე მუშაობას
ამობეჭდვა · 16 / 04 / 2019 16:35
პარლამენტი UNICEF-თან ერთად აგრძელებს ბავშვთა უფლებების დაცვაზე მუშაობას

პარლამენტი აგრძელებს მუშაობას იმ ინიციატივებზე, რომლებიც ბავშვთა უფლებების დაცვასა და მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება. ამ თემაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) რეგიონულ დირექტორმა აფშან ხანმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა დღეს გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების და განსაკუთრებით, ბავშვთა უფლებების დაცვა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მისივე განმარტებით, ამას ემსახურება გასულ წელს დაწყებული სპეციალური სოციალური დახმარების პროგრამა ბავშვებისთვის, აგრეთვე, უახლოეს წლებში განათლების სფეროსთვის გამოყოფილი გაზრდილი დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილის მიმართვა სკოლამდელ განათლებაზე.

აფშან ხანმა ირაკლი კობახიძეს „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შემუშავების საკითხში საპარლამენტო საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, მან დაადასტურა ბავშვთა უფლებების გაუმჯობესების პროცესში ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა.