საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებთან
ამობეჭდვა · 16 / 04 / 2019 16:42
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებთან

საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს ნატოში გაწევრიანება ასევე, საშინაო პოლიტიკა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო შეხვედრის მთავარი თემა, რომელზეც აშშ-ის კონგრესის დელეგაციისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრისას ისაუბრეს.

„ჩვენ ძალიან გვჭირდება და ვაფასებთ აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში გაწევრიანების მიმართულებით. ამ კუთხით, ბოლო პერიოდში კონგრესმა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია და დოკუმენტი მიიღო. განსხვავებით წინა შეხვედრებისგან კონგრესმენების მხრიდან ძალიან მაღალი ინტერესი იყო შიდა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით. მათ შორის, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ჩატარდება 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები ვინაიდან, მათი განცხადებით, ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი არის თავისუფალი არჩევნები, რომელსაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს ხელისუფლების შეცვლა და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. ამიტომ ისეთ ტრადიციულ თემებთან ერთად, როგორც არის ჩვენი უსაფრთხოება და ნატო, დღეს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სწორედ, შიდა საკითხებს - დემოკრატიას, არჩევნებისთვის მზადებას და იმ პერსპექტივას თუ როგორ შეიძლება მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება 2020 წელს. ყველა ჩვენს მეგობარს ესმის, რომ საქართველოს სტაბილურობისთვის აუცილებელია, არჩევნების შედეგი ასახავდეს ხალხის განწყობას. ჩვენი მეგობრები დაინტერესებულები არიან, რომ ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, როგორც ეს ხდება ყველა დემოკრატიაში. დემოკრატიულ არჩევნებს ჰყავდეს გამარჯვებული ის, ვისაც მხარს უჭერს ხალხი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის მოადგილის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, კონგრესმენებთან  შეხვედრისას განიხილეს ის მთავარი გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეს დგას. „ეს არის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში, სავარაუდოდ მოჰყვება ხელისუფლების შეცვლა. ჩვენი გზავნილი კონგრესის წევრებთან იყო ძალიან ნათელი. საქართველოში დემოკრატიული პროცესი უნდა შეიქმნას დემოკრატიული არჩევნების გზით.

ჩვენ გვქონდა ძალიან დეტალური საუბარი, ყველა გამოწვევაზე, რომელიც დღეს დგას ქვეყანაში - რაც შეეხება დემოკრატიულ არჩევნებს, არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას, რაც არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის. ამერიკულმა მხარემ ძალიან ყურადღებით მოისმინა ის გამოწვევები, რომელიც დღეს საქართველოს დემოკრატიის წინაშე დგას. ამერიკის კონგრესში, როდესაც გადაწყვეტილება მიიღება საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ქვეყანას, ძალიან მნიშვნელოვანია იქ აისახოს სწორედ, საქართველოს დემოკრატიული მომავლის მხარდაჭერა. ამის იმედი გვაქვს, დღევანდელი დელეგაციისაგან, რადგან ეს დელეგაცია არის დაკომპლექტებული იმ ხალხისგან, რომელიც წლების მანძილზე, სწორედ,  საქართველოში დემოკრატიულ პროცესს უჭერდა მხარს და გააგრძელებს ამ მხარდაჭერას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებთან შეხვედრაში, საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები - დავით ბაქრაძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, სალომე სამადაშვილი გიგა ბოკერია და გიორგი ლომია მონაწილეობდნენ.