საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების წარმომადგენლები აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ
ამობეჭდვა · 16 / 04 / 2019 16:44
საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების წარმომადგენლები აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართეს საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაში არსებულ აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და მისწრაფებებზე, საქართველოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციაზე, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დადების პერსპექტივაზე.

„ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და საქართველოსთვის სერიოზული მხარდაჭერის გამომხატველი. ამიტომ შეხვედრაზე ამ საკითხს დავუთმეთ ყურადღება. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დადების პერსპექტივაზე, რომლის მიმართაც კონგრესმენები არიან ძალიან დადებითად განწყობილები. ჩვენ ვთხოვეთ დელეგაციის წევრებს, რომ მუდმივად იყვნენ ჩართულნი საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებში და გახდნენ საქართველოს მხარდაჭერის იმ ჯგუფის წევრები, რომელიც აშშ-ის კონგრესში არსებობს“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეხვედრის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს კონგრესმენებს აშშ-ს მიერ საქართველოს ორპარტიული მხარდაჭერისთვის.