"საქართველოში ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯი ყოველწლიურად სასტუმრო, სარესტორნო და კულინარიული ბიზნესის 2 000-მდე სპეციალისტს მოამზადებს"
ამობეჭდვა · 16 / 04 / 2019 18:17
"საქართველოში ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯი ყოველწლიურად  სასტუმრო, სარესტორნო და კულინარიული ბიზნესის 2 000-მდე სპეციალისტს მოამზადებს"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია “მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეშენალ ჯორჯია”-ს დირექტორმა მაია წერეთელმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც საქართველოში ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯის გახსნას ითვალისწინებს.

მემორანდუმის  მიზანია ასევე ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და მომსახურების სფეროს გაუმჯობესება 2015-2025 წლების ტურიზმის ეროვნულ სტრატეგიასთან შესაბამისობით.

„ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული სექტორია ჩვენთვის. როგორც იცით,  ტურიზმის სექტორში 10,000 - დან 12,000-მდე ადამიანის გადამზადებას ვგეგმავთ ყოველ წელს 7-10 წლის განმავლობაში. ამიტომ ამ მიზნით, შესაბამის ინფრასტრუქტურას ვქმნით.  კოლეჯი ყოველწლიურად 2 000 - მდე სასტუმრო, სარესტორნო და კულინარიული ბიზნესის სპეციალისტს მოამზადებს.  პროფესიული გადამზადება და ჩვენი მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლება ჩვენი ეკონომიკური ზრდის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ.

გიორგი ქობულიას განცხადებით, ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯის სასწავლო კურსი საუკეთესო ამერიკული და ევროპული ანალოგიური კურსების შესაბამისად მომზადდება, ხოლო სერტიფიკატები, რომელსაც კოლეჯის კურსდამთავრებულები მიიღებენ, იქნება საერთაშორისოდ აღიარებული. შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ისინი შეძლებენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. „ამიტომ ეს ქმნის დასაქმების უნივერსალურ საშუალებას საქართველოს მოქალაქეებისთვის. ასევე საგულისხმოა, რომ კოლეჯის დაფინანსების სურვილი საერთაშორისო დონორებმა გამოთქვეს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

კოლეჯში სასწავლო კურსები ქართულ და ინგლისურ ენებზე  ჩატარდება. აშშ-ის სასტუმროებისა და განთავსების ასოციაციის სასწავლო ინსტიტუტის (AHLEI) სერთიფიცირებული კურსებისა და ევროპის წამყვანი ტურიზმის სკოლების კურსების მიხედვით შემუშავდება სპეციალური სასწავლო პროგრამა.

GNTA-სთან მჭიდრო თანამშრომლობით კოლეჯისთვის ვებ-გვერდი შეიქმნება.