პოლონეთში დაკავებული ქართველები გაათავისუფლეს
ამობეჭდვა · 18 / 04 / 2019 13:44
პოლონეთში დაკავებული ქართველები გაათავისუფლეს

პოლონეთში სამართალდამცველებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ქართველები გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმთაიმი“ დაკავებულების ადვოკატ, ლედი ტუკვაძეზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადვოკატის თქმით, გოგა გოგალაძესა და ნიკა ქუჩუკიანს 10-წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ.

როგორც ადვოკატი ამბობს, ბრალდებულებმა შეძლეს გამოძიებისთვის წარედგინათ მტკიცებულებები, რომლითაც თავიანთი უდანაშაულობა დაამტკიცეს.

ადვოკატის თქმით, ქართველი ახალგაზრდების გათავისუფლების მიუხედავად, სამართლებრივი ბრძოლა გრძელდება, რადგან ნიკა ქუჩუკიანსა და გოგა გოგალაძეს, დაკავების მომენტსა და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსების შემდეგ, სამართალდამცველები არაადმაიანურად მოექცნენ.

„სამართლებრივი ბრძოლა გაგრძელდება, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები პოლიციელებმა დაკავების მომენტში დაჭრეს. ბიჭები სამუშაოდ პოლონეთში ჩავიდნენ. ვარშავაში დამსაქმებელმა ამუშავა, მაგრამ ფული არავინ გადაუხადა. პატიოსანი, მშრომელი ახალგაზრდები არიან, რომლებმაც თავიანთი შრომის საზღაურიც ვერ მიიღეს. სხვა რა გზა ჰქონდათ, სხვა ქალაქში გადავიდნენ სამუშაოდ და ქარხანაში დაიწყეს მუშაობა.

ოჯახის წევრებთან აგზავნიდნენ ფოტოებს და ამბობდნენ, რომ ამჯერად სიტუაცია ნორმალური იყო, იმედი ჰქონდათ, იქ მაინც მიიღებდნენ ანაზღაურებას. იმ დღეს სამუშაო ტანსაცმელები ეცვათ, ამის დამადასტურებელი ფოტომასალაც არსებობს. ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართველებს და უკრაინელებს შორის მოხდა კონფლიქტი, იქ ბელორუსებიც ყოფილან. პოლიცია გამოუძახია ვიღაცას და მოჩხუბრებს თავზე პოლიცია დაადგა, რომელმაც იარაღი გამოიყენა. ბიჭები დაჭრილებიც კი იყვნენ,“- აცხადებს ლედი ტუკავძე.

 

ტეგები