"არამზადამ, რომელმაც 12 წლის მზესავით ბავშვის სიცოცხლე მოსპო და არხეინად გააგრძელა არსებობა..."
ამობეჭდვა · 19 / 04 / 2019 11:43
"არამზადამ, რომელმაც 12 წლის მზესავით ბავშვის სიცოცხლე მოსპო და არხეინად გააგრძელა არსებობა..."

"სალომკას საქმის გაგრძელებასთან დაკავშირებით სულ მეკითხებით და ახლა უკვე შემიძლია გითხრათ: უზენაესმა სასამართლომ განიხილა საქმე, არ დააკმაყოფილა ბრალდებულის საჩივარი და ძალაში დატოვა სააპელაციოს გადაწყვეტილება სალომეს გაუფრთხილებლობით მკვლელობაში გიორგი ლიპარტელიანის ბრალეულობის შესახებ.

საბოლოო ინსტანციის ეს პრეცედენტული გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ქვეყანაში თხილამურებით სრიალისას სხვისი დაზიანება, სხვისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება სისხლის სამართლის დანაშაულია!

გთხოვთ, ნუ დავარქმევთ უბედურ შემთხვევას იმას, რაც ადამიანის უპასუხისმგებლო საქციელით არის გამოწვეული და რისი თავიდან აცილებაც შეიძლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

დიდი იმედი მაქვს, რომ ლიპარტელიანის ოჯახი ახლა მაინც გამოიჩენს კეთილგონიერებას - შვილის საზღვარგარეთ გადამალვის ნაცვლად ჩამოიყვანს მას საქართველოში და მისცემს შანსს, მოინანიოს ჩადენილი ქმედება. რათა ამ ახალგაზრდამ იცხოვროს არა როგორც უკანასკნელმა არამზადამ, რომელმაც 12 წლის მზესავით ბავშვის სიცოცხლე მოსპო და არხეინად გააგრძელა არსებობა, არამედ როგორც ადამიანმა, რომელმაც გაიაზრა თავისი საქციელი, იტვირთა ეს უმძიმესი ტვირთი და შეიცვალა უკეთესობისკენ", - წერს დაღუპული ბავშვის დედა ნინო ჟვანია.

შემთხვევა 3  წლის წინ გუდაურში მოხდა. 12 წლის სალომე ტატიშვილი 10 იანვარს, თავის ორ დასთან და სპორტული სკოლის სხვა მოსწავლეებთან ერთად გუდაურის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ტრასაზე, კუდები სამზე სრიალებდა. თვითმხილველების თქმით, სალომეს დიდი სისწრაფით და ხელჯოხების გარეშე დაშვებული მოთხილამურე შეეჯახა, რომელიც თავადაც დაიმტვრა, მაგრამ გადარჩა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის 18 წლის გიორგი ლიპარტელიანი იყო. 

მას ბრალი პროკურატურამ 12 წლის სალომე ტატიშვილის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის წაუყენა.

სასამართლომ ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ორი წლის შემდეგ კი გიორგი ლიპარტელიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა უდანაშაულოდ სცნო.

სალომეს მშობლები დარწმუნებულნი არიან, რომ მოსამართლემ არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა.