შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია ვისაუბროთ ევროპული ოჯახის მდგრად უსაფრთხოებაზე - მამუკა ბახტაძე
ამობეჭდვა · 19 / 04 / 2019 15:16
შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია ვისაუბროთ ევროპული ოჯახის მდგრად უსაფრთხოებაზე - მამუკა ბახტაძე

შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია ვისაუბროთ ევროპული ოჯახის მდგრად უსაფრთხოებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რუმინეთსა და ბულგარეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველომ კიდევ ერთხელ მიიღო მეგობარი ქვეყნებისგან სოლიდური მხარდაჭერა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, შავი ზღვა ხდება უფრო და უფრო აქტუალური საერთაშორისო პოლიტიკაში და საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის, მათ შორის იმ ინსტიტუტებისთვის , საითაც საქართველო მიისწრაფვის.

„რუმინეთი და ბულგარეთი არიან ჩვენი ერთგული მეგობრები. მსურს  განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ორივე სახელმწიფოს იმ ერთგული მეგობრობისთვის, რასაც ისინი იჩენენ საქართველოს მიმართ. ორივე ქვეყანა გახლავთ საქართველოს მხარდამჭერი ჩვენს საერთაშორისო მისწრაფებებში, რომ გავხდეთ ევროკავშირის და ნატოს სრულფასოვანი წევრები. ორივე ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული, საქმიანი და რაც მთავარია შედეგებზე ორიენტირებული“,- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მიესალმება ნატოს გადაწყვეტილებას, რომ სწორედ შავი ზღვა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული რეგიონი მათთვის. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ნატოს ყველა ქვეყანასთან შავ ზღვაში, საქართველომ ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გააღრმავოს.

„როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, აქ ძალიან მნიშვნელოვანია,  კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ სატრანსპორტო  მიმართულება. ამ მხრივ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს სერიოზული გამოწვევები. სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ ლოგისტიკა არის ერთგვარი ბარიერი იმისთვის, რომ საქართველომ  უფრო მეტად გაზარდოს ვაჭრობა ევროკავშირთან, დაეხმაროს სხვა ქვეყნებს ჩვენი რეგიონიდან, რომ მათ გაზარდონ ვაჭრობა ევროკავშირთან. შესაბამისად, ამ მიმართულებით როგორც რუმინეთს ასევე ბულგარეთს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი ჩვენს მხარდასაჭერად, რაც,  დარწმუნებული ვარ, აუცილებლად განხორციელდება“,- აღნიშნა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ვიზიტის დროს საუბარი შეეხო ახალ და ინოვაციურ პროექტებს, რომლებიც ეკონომიკურ თანამშრომლობას ახალ, კიდევ უფრო წარმატებულ დონეზე აიყვანს.