აფხაზეთის გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, შესაძლოა, მოწამლეს
ამობეჭდვა · 20 / 04 / 2019 15:05
აფხაზეთის გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, შესაძლოა, მოწამლეს

აფხაზეთის გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია შეიძლება მოწამლული იყოს, ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გუშინ გავრცელდა. ამ ცნობების თანახმად, ბჟანიამ პარასკევს მოულოდნელად ცუდად იგრძნო თავი და იგი სასწრაფოდ სოჭში გადაიყვანეს.

მისი მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა, იმდენად, რომ ბჟანია კომაში ჩავარდა. სოჭში ექიმებმა მას მოწამვლა დაუდგინეს, მაგრამ ზუსტი დიაგნოზი ვერ დაუსვეს, რის გამოც ბჟანია საბოლოოდ მოსკოვში გადაიყვანეს სამკურნალოდ.

„მთელი ქალაქი ამბობს, რომ მოწამლეს... საავადმყოფოში კი ვერ დაადგინეს რა სჭირს..." „როგორც ვიცი, ბჟანია ახლახანს იყო მოსკოვში და უკან დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში ისევ სასწრაფოდ მოსკოვში წაიყვანეს და საავადმყოფოში დააწვინეს..." - წერენ აფხაზი მომხმარებლები ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში.

მოგვიანებით გაკეთდა განცხადება, რომ ბჟანიას ვირუსული პნევმონია აქვს და მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში გადის მკურნალობას. თუმცა, აფხაზური საზოგადოების ნაწილი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის ლიდერი მოწამლეს და ეს შემთხვევა ძალიან ჰგავს წინა „პრეზიდენტის" - სერგეი ბაღაფში დაღუპვას, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჯანმრთელობის ასეთივე მოულოდნელი გაუარესების შემდეგ მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.

ტეგები