გორში პუტინის ფოტო დაწვეს
ამობეჭდვა · 20 / 04 / 2019 21:02
გორში პუტინის ფოტო დაწვეს

გორში, კინოთეატრ „გამარჯვების“ წინ, სადაც რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ვლადიმირ ხომერიკი საზოგადოებას ხვდებოდა, ახალგაზრდებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ვლადიმირ პუტინის ფოტო დაწვეს. ხომერიკი პუტინის პოლიტიკის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებით გამოირჩევა.

„რუსეთი არის მეზობელი, რუსეთი არის დიდებული და ის არის ჩვენი ბედის განმსაზღვრელი. ეს უნდა გვესმოდეს ჩვენ“, - ეს სიტყვები ვლადიმირ ხომერიკმა გორში წარმოთქვა. ხომერიკის ამ სიტყვებთან ერთად კინოთეატრის წინ, ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილი ახალგაზრდების ნაწილმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გააპროტესტეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები კინოთეატრის დარბაზში შევიდნენ და ხომერიკსა და მასთან შეხვედრაზე მისულ ადამიანებს 2008 წლის ომი და რუსეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები შეახსენეს.

"სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოა", "STOP RUSSIA"," რუსეთი კლავს" - ამ ტრანსფარენტებით გამოვიდნენ ქუჩაში ახალგაზრდები და როგორც თავად განმარტეს, შეხვედრის მონაწილეებს რუსეთის მიერ ქართული ტერიტორიების ოკუპაცია შეახსენეს. მათი განცხადებით, მაშინ, როდესაც რუსეთის ჯარისკაცები ქართულ მიწებზე დგანან და ყოველდღიურად ქართულ ტერიტორიებს იტაცებენ, ასევე ადგილობრივებს აშინებენ და საკუთარ ნაკვეთებში აკავებენ, მსგავსი შეხვედრები ომგამოვლილ ქალაქში არ უნდა იმართებოდეს.

 

რადიო თავისუფლება

 

ტეგები