პანკისელებს გიორგი გახარია ხვდება
ამობეჭდვა · 21 / 04 / 2019 14:12
პანკისელებს გიორგი გახარია ხვდება

პანკისის მცხოვრებლებს, ხეობაში მესამე ჰესის მშენებლობლობის განახლებასთან დაკავშირებით, თელავში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ხვდება. შეხვედრაზე პანკისიდან რამდენიმე უხუცესი და ახალგაზრდა იმყოფება. ამის შესახებ "რეგინფო" წერს.

ჰესის მშენებლობის საკითხზე შეხვედრა და მოლაპარაკება მას შემდეგ გადაწყდა, რაც „ხადორი 3“-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას მოსახლეობის მხრიდან პროტესტი და სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. გამოყენებული იქნა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, ხეობაში დიდი რაოდენობით პოლიცია და სპეცრაზმი დღეს დილით შეიყვანა. მოსახლეობის პროტესტის შემდეგ ჰესის მშენებელი კომპანიის ტექნიკამ მუშაობა შეაჩერა.

ამ დროისთვის სოფლების ძიბახევისა და ბირკიანის მიმდებარედ რჩება დიდი პოლიცია და სპეცრაზმი, ასევე საპოლიციო ტექნიკა. ადგილზე შეკრებილები არიან ხეობის მცხოვრებელები, რომლებიც თელავში მიმდინარე შეხვედრის შედეგებს ელოდებიან და აცხადებენ, რომ ჰესის მშენებლობისთვის ხელის შეშლის მიზნით სადღეღამისო მორიგეობას დააწესებენ.

ჰესის სამშენებლო სამუშაოები განახლებამდე და პოლიციის შესვლამდე, 18 აპრილს, პანკისის ხეობაში იმყოფებოდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ნათია თურნავა, რომელიც იმავე საღამოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობა გასული წლის ივნისში მოსახლეობამ შეაჩერა.

პანკისის ხეობაში მესამე ჰესს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. „ხადორი 3“–ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.

ტეგები