ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარაშია
ამობეჭდვა · 23 / 04 / 2019 14:49
ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარაშია

დღეს, 23 აპრილს, ცნობილი გახდა საქართველოში, ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად 2018 წელს ჩატარებული მასშტაბური კვლევის შედეგები.

კვლევის მიხედვით, სისხლში ტყვიის შემცველობის მომატება ბავშვების 41%-ში დაფიქსირდა, თუმცა ყველაზე მძიმე მდგომარეობა აჭარაშია. აქ გამოკვლეული ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული აქვს ტყვიის შემცველობა.

ჯერჯერობით დადგენილი არ არის, საიდან ხვდება ბავშვების სისხლში ტყვია, ამის დასადგენად დამატებითი კვლევებია საჭირო.



კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს.

კვლევა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) დახმარებით ჩატარდა.

ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად, 2-დან 7 წლის, დაახლოებით 1500 ბავშვს აუღეს სისხლი ქვეყნის მასშტაბით.

ტეგები