გირჩის „ბიბლიურმა თავისუფლებამ“ თეა წულუკიანი და სოსო გიორგაძე ანათემას გადასცა
ამობეჭდვა · 23 / 04 / 2019 19:29
გირჩის „ბიბლიურმა თავისუფლებამ“ თეა წულუკიანი და სოსო გიორგაძე ანათემას გადასცა

გირჩის ორგანიზაცია ბიბლიურმა თავისუფლებამ იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ანათემას გადასცა. ორგანიზაცია ამის შესახებ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს.

მათივე ინფორმაციით, ისინი ანათემაზე მთაწმინდაზე კეთილი ადამიანის მოწყობილ კატაკომბაში რეგისტრაციაზე უკანონო უარის თქმის გამო გადასცეს.

''ანათემა მხევალი ღვთისა თეონასი და მონა ღვთისა სოსოსი

სახელმწიფოსგან დევნილი ადამიანებისთვის მთაწმინდაზე კეთილი ადამიანის მოწყობილ კატაკომბაში რეგისტრაციაზე უკანონო უარის თქმის გამო, შერისხულ იქნენ მხევალი ღვთისა თეონა და მონა ღვთისა სოსოი.

ნორმატიული აქტის მიღება გდომოდეთ და ინდივიდუალური გამოგსვლოდეთ.

ყოველ დღე მეზობლები სასამართლოში გიჩიოდნენ და დავას პირველ ინსტანციაში მურუსიძე იხილავდეს, მეორეში ჩინჩალაძე, საკასაციოში კი მიქაუტაძე გხვდებოდეთ.

სახლის აშენება გინდოდეთ და კალაძე ნებართვას არ გაძლევდეთ; წყალი გწყუროდეთ და ჭიდან წყლის დასალევად ლიცენზიას გთხოვდნენ.

ყოველ ღამე სასამართლოს დამოუკიდებლობაზე კობახიძის და თალაკვაძის სიტყვები დაგსიზმრებოდეთ.

ID ბარათები სულ 666-ებით გაგვსებოდეთ.

იუსტიციის სახლი ისე გაგბანძებოდეთ, სტუმრები სახლში დაგყავდეთ და იქ აძლევდეთ სიმბოლურ პასპორტებს.

Just tax-ზე უკეთესი ტრანსპორტი არ გღირსებოდეთ.

ბახტაძეს მართლა ემართეთ.

ბიძინას მიეტოვებინეთ.

სამოთხის კართან პეტრეს ნაცვლად Tamaz Akhobadze დაგხვედროდეთ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე'', - ნათქვამია ბიბლიური თავისუფლების გავრცელებულ განცხადებაში.