პანკისში პოლიციის დროებით საგუშაგოს ამონტაჟებენ
ამობეჭდვა · 24 / 04 / 2019 13:14
პანკისში პოლიციის დროებით საგუშაგოს ამონტაჟებენ

პანკისში, სოფელ ძიბახევში პოლიციის დროებითი საგუშაგოს მონტაჟი მიმდინარეობს. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც 21 აპრილს მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ "იმედინიუსი" წერს.

ადგილზე მეოთხე დღეა რჩება დაცვის 50-მდე პოლიციელი. ისინი 24-საათიანი რეჟიმით პოლიციურ კონტროლს ახორციელებენ. მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი ყვითელი ლენტით ისევ შემოსაზღვრულია.

ადგილზე რჩება სამშენებლო კომპანია "ფერის" კუთვნილებაში არსებული ტრაქტორი, რომელსაც დაპირისპირების დღეს მოსახლეობამ ცეცხლი წაუკიდა.

21 აპრილს პანკისის ხეობაში მოქალაქეებმა ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. პროტესტს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. პანკისში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სამედიცინო დახმარება სულ 55 ადამიანს დასჭირდა, მათ შორის 38 სამართალდამცველი და 17 ადგილობრივი იყო.

ტეგები