ირაკლი კობახიძე - მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით წარმართული დისკუსია გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ცვლილებების მომზადება სრული კონსესუსით მოხერხდება
ამობეჭდვა · 24 / 04 / 2019 15:47
ირაკლი კობახიძე - მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით წარმართული დისკუსია გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ცვლილებების მომზადება სრული კონსესუსით მოხერხდება

„დისკუსია ძალიან კონსტრუქციულად და საინტერესოდ წარიმართება, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, სრული შეთანხმებით მოვახერხებთ ცვლილებების მომზადებას ოთხივე საკითხთან დაკავშირებით“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მართლმსაჯულების მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით, ბორჯომში მიმდინარე სამუშაო ჯგუფის შეხვედრას.

ჯგუფის წევრები რეფორმის მეოთხე ფაზის ოთხ ძირითად საკითხზე მსჯელობენ, რომლებიც სასამართლოს გადატვირთულობას, დისციპლინურ წარმოებას, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმას და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უკავშირდება. ირაკლი კობახიძის შეფასებით, გამართული წარმატებული დისკუსიის შედეგად, ჯგუფი დისციპლინური წარმოებისა და სასამართლოს გადატვირთულობის საკითხებთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერებას სრული კონსესუსით შეძლებს. მისივე თქმით, გასვლითი სამუშაო შეხვედრის მეორე დღე იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეთმობა და დისკუსია აღნიშნულ საკითხებზეც კონსტრუქციულად წარიმართება.

„იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმაც არის პრიორიტეტი, მოგეხსენებათ, სკოლის რეფორმასთან არის მიბმული, მათ შორის, სრული გადასვლა უვადო დანიშვნის წესზე, რაც უნდა განხორციელდეს 2024 წლის ბოლოდან. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სკოლის რესურსების გაძლიერება და შესაბამისი ცვლილებების ასახვა, მათ შორის, კანონმდებლობაში და დღესვე გვექნება, ასევე, დისკუსია, საბჭოსთან დაკავშირებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ შესაბამისი კანონპროექტები მაისის მეორე ნახევარში უნდა იქნას მომზადებული და ინიცირებული, რაც პარლამენტს საშუალებას მისცემს, შესაბამისი პაკეტი ივნისის ბოლომდე მიიღოს.

 

ტეგები