საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განაგრძობს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების საქმიანობის 2018 წლის ანგარიშის მოსმენას
ამობეჭდვა · 24 / 04 / 2019 18:42
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განაგრძობს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების საქმიანობის 2018 წლის ანგარიშის მოსმენას

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიში მოისმინეს, რომელიც კომიტეტის წევრებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ წარუდგინა.

„მივესალმები ანგარიშგების ინსტიტუციურ კულტურას, რაც ჩამოყალიბდა პარლამენტის ჩართულობით და რისი გამოვლენაცაა, რომ უკვე მესამედ წარედგინება პარლამენტს ყოველწლიური ანგარიში“, - განაცხადა მომხსენებელმა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ ინდივიდუალურ საჩივრებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ისაუბრა.

მისი განმარტებით, გაეროს კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი საქმეების თაობაზე ამჟამად იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო წარმოებაში აქვს ორი საქმე, რომელთან დაკავშირებითაც აღნიშნულმა კომიტეტმა მთავრობას გარკვეული რეკომენდაციები მიუთითა.

მომხსენებელმა ისაუბრა გაეროს გადაწყვეტილებათა აღსრულების მიზნით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე.

„გაეროს კომიტეტებმა საქართველოს სახელმწიფოს მიუთითეს მომჩივანთათვის კომპენსაციის მინიჭების ვალდებულების თაობაზე თუმცა, 2016 წლამდე ეროვნულ კანონმდებლობაში არ არსებობდა გაეროს კომიტეტების გადაწყვეტილებათა აღსრულების სამართლებრივი მექანიზმი. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილებების შედეგად, ეს საკითხი მოწესრიგდა საკანონმდებლო დონეზე და შეიქმნა აღსრულების ეფექტური მექანიზმი. საკანონმდებლო ცვლილების ეფექტიანობას ხაზს უსვამს, ის რომ 2017-18 წლებში მომჩივნებმა აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებით უკვე ისარგებლეს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ. მან ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობის და წამების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გატარებულ მნიშვნელოვანი რეფორმებზე.

„სახელმწიფოს მიერ გატარებული კომპლექსური ღონისძიებები ოჯახურ დანაშაულთა ბრძოლის კუთხით, ასახულია 2019 წლის მარტში გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებათა შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიშში, რომელშიც დადებითად შეფასდა საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოჯახურ დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები“, - განაცხადა მომხსენებელმა. ძალადობის მსხვერპლთა დახმარებაზე საუბრისას, გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ ამ მიზნით, შექმნილია ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი, რომლის ფარგლებში ფუნქციონირებს 5 თავსაფარი და არაერთი კრიზისული ცენტრი.

მომხსენებელმა წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა. „გასულ წლებშიც აღინიშნა და კვლავ ხაზი უნდა გაესვას, რომ წამება და არასათანადო მოპყრობის ფაქტები დღეს აღარ არის სისტემისათვის დამახასიათებელი. ასევე, ხაზგასასმელია რომ სახალხო დამცველის 2018 წლის ივნისში გაკეთებული განცხადების თანახმად, პენიტენციურ სისტემაში წამების პრევენციის კუთხით ვითარება გაუმჯობესებულია“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

მისი განცხადებით, ხაზგასასმელია რომ სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ შესაძლო არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში, გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი შეიქმნა. „ამგვარ დანაშაულებებს დამოუკიდებელი ინსტიტუტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოიძიებს|“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რომ გაფართოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი, რომლის ფარგლებშიც ის განახორციელებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა მონიტორინგს.

„მთავრობა გაეროს კომიტეტების მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, რის თაობაზეც ინფორმაცია პერიოდულად მიეწოდება გაეროს შესაბამის სახელშეკრულებო ორგანოებს. ყველა რეფორმა და საკანონმდებლო ცვლილება ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ საქართველოში კიდევ უფრო გაძლიერდეს ადამიანის უფლებების დაცვის კულტურა, როგორც ინსტიტუციური თვალსაზრისით ასევე, ყურადღება მიექცეს იმ აქტუალურ საკითხებს, რომელიც გამოიკვეთა და რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების და კომიტეტების მიღებული გადაწყვეტილებების ფარგლებში“, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

„ანგარიშების განხილვა ჩვენი კომიტეტისთვის არის სიახლე, რომელიც პარლამენტის ახალი რეგლამენტით არის გათვალისწინებული. ძალიან საინტერესო იყო ამ ანგარიშის წარმოდგენა. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კულტურის მიმართულებით კეთდება ბევრი რამ. ინსტიტუციური მიდგომა და კოორდინაცია ამ მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ.

დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციაში (GUAM) საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის საქმიანობის 2018 წლის ანგარიში სხდომაზე, დელეგაციის ხელმძღვანელმა გიორგი მოსიძემ წარადგინა.

მისი განმარტებით, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია აერთიანებს ოთხ ქვეყანას ესენია: საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა.

როგორც გიორგი მოსიძემ აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში ყურადღება გამახვილდა სამ ძირითად მიმართულებაზე. „ეს იყო ეკონომიკური დარგობრივი თანამშრომლობა; სუამის რეგიონში საინფორმაციო უსაფრთხოება, რომელსაც ერთი საერთო მტერი აწარმოებს ჩვენს წინააღმდეგ და სუამის ქვეყნების ურთიერთმხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა. მან ყურადღება გაამახვილა სუამის საპარლამენტო ასამბლეის სხვა, ისეთ საპარლამენტო ასამბლეებთან თანამშრომლობაზე როგორიცაა ჩრდილოეთის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეა, ბენელუქსის პარლამენტი, და ვიშეგრადის საპარლამენტო ინიციატივა.

„სუამის საპარლამენტო ასამბლეისთვის ყველაზე მნიშვნელოვნად რჩება ბალტიის საპარლამენტო ასამბლეა, რომელთანაც გვაქვს ახლო, მეგობრული, საქმიანი და სრულად ინტეგრირებული ურთიერთობები იმ დონეზე, რომ წელს უკვე დავიწყეთ მათ საკომიტეტო მოსმენებში მონაწილეობა“, - განაცხადა გიორგი მოსიძემ.

მომხსენებელმა, მოლდოვაში გამართულ ასამბლეის სხდომაზეც ისაუბრა, სადაც ხელი მოეწერა მნიშვნელოვან კომუნიკეს. „დოკუმენტში ხაზი კიდევ ერთხელ გაესვა ტერიტორიული მთლიანობისა და საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხებს“, - განაცხადა დელეგაციის ხელძღვანელმა.

გიორგი მოსიძის განმარტებით, დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ბალტიის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ სესიაში, სადაც პანელზე სიტყვით გამოსვლისას, დელეგაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა სუამის წევრი, ოთხივე ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე კონფლიქტებზე.

მომხსენებელმა სუამის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობაზეც ისაუბრა.

დელეგაციის ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ ორგანიზაციის წინაშე დგას.

გიორგი მოსიძის განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბერში დაგეგმილია სუამის საპარლამენტო ასამბლეის სესია, სადაც ქართული დელეგაცია, როგორც საპარლამენტო უმრავლესობიდან ასევე, ოპოზიციიდან მიიღებს მონაწილეობას

ტეგები