საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი
ამობეჭდვა · 24 / 04 / 2019 19:02
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ და მისი თანმხლები კანონპროექტების საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით განიხილეს.

კანონპროექტი ზოგადი პრინციპების დონეზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა წარადგინა და კანონპროექტის არსზე და ძირითად მიზნებზე ისაუბრა. მომხსენებლის განცხადებით, ამ საკანონმდებლო პაკეტის უმთავრესი მიზანია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის პრევენცია და დამნაშავეების სათანადოდ დასჯა. დაცვის ობიექტები ძირითადად არასრულწლოვნები არიან, რომლებიც ხშირად არიან აღნიშნული დანაშაულის მსხვერპლნი.

„სქესობრივი დანაშაულები გამოირჩევა განსაკუთრებული სენსიტიურობითა და კომპლექსურობით, რაც სახელმწიფოს მხრიდან მათ წინააღმდეგ ბრძოლის განსაკუთრებული მექანიზმების შემუშავებას საჭიროებს. დანაშაულთან ბრძოლის არსებული ინსტრუმენტები, რომელიც ძირითადად მიმართულია დანაშაულის გამოვლენისა და გამოძიებისკენ, ხშირად სათანადო ეფექტიანობას არის მოკლებული. წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა კი ორიენტირებული იქნება როგორც არასრულწლოვნების, ასევე სრულწლოვნების მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების ეფექტიან პრევენციაზე და არა მხოლოდ დანაშაულის შემდგომ რეაგირებაზე”, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

მის თქმით, კანონპროექტის თანახმად, სასამართლოს ენიჭება დისკრეციული უფლებამოსილება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე-141-ე, აგრეთვე, 2551 -2552 მუხლებისთვის მსჯავრდებულ პირს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამოართვას გარკვეული სახის უფლება. მაგალითად, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში) საქმიანობის უფლება; არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების უფლება; საექიმო საქმიანობა; „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობა და სხვა, რაც კანონით იქნება განსაზღვრული.

კანონით ასევე მოხდება სასჯელის გამკაცრება. პროექტი ასევე განსაზღვრავს სახელმწიფო უწყებების უფლებამოსილებებს და ვალდებულებებს ამ კანონის ეფექტიანი აღსრულების მიზნით. მნიშვნელოვან ნოვაციას წარმოადგენს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე მსჯავრდებულთა რეესტრის შექმნა.

წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით, უმრავლესობის წევრების გარდა, სხდომაზე მხარდამჭერი პოზიცია ასევე დააფიქსირეს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც და საბოლოოდ მას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

კომიტეტმა პირველი მოსმენით იმსჯელა პარლამენტის წევრის ოთარ კახიძის საკანონმდებლო ინიციატივაზე - კანონპროექტზე „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”. როგორც ავტორმა კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა, კანონპროექტის მიზანია მაღალმთიანი დასახლების სტატუსისა და შეღავათების მისაღებად კანონით განსაზღვრული კრიტერიუმებისათვის კიდევ ერთი კრიტერიუმის - საოკუპაციო ხაზის მიმდებარეობა - დამატება. ოთარ კახიძის განცხადებით, ამ კრიტერიუმის დამატებით, შესაძლებელი გახდება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებული იმ სოფლებისათვის, რომლებიც უკვე არსებულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭება, რაც მათთვის შეღავათების მიღების წინაპირობა გახდება. ამ შემთხვევაში გამყოფი ხაზის მოსაზღვრე ყველა დასახლებას შეეძლება დადგენილი სოციალური შეღავათებით სარგებლობა.

ოთარ კახიძის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე დასახლებების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და მოახდენს ამ დასახლებების მოსახლეობისგან დაცლის პრევენციას.

უმრავლესობის წარმომადგენელთა განცხადებით, კანონპროექტი თავისთავად მხარდაჭერას იმსახურებს, მაგრამ თავად მთავრობას შემოაქვს გაცილებით მასშტაბური პროექტი, რომელიც აღნიშნული პრობლემის გადაჭრასაც ითვალისწინებს. ამასთან დაკავშირებით განმარტებები ასევე გააკეთა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და განაცხადა, რომ დასახლებებისათვის თავისთავად გამყოფ ხაზთან მდებარეობა, ყოველგვარი დამატებითი კრიტერიუმების გარეშე, იქნება განმსაზღვრელი მაღალმთიანი დასახლების სტატუსისა და შეღავათების მისაღებად. ამის შედეგად მაღალმთიანი დასახლების სტატუსს დამატებით 19 სოფელი მიიღებს, ნაცვლად 13-ისა, როგორც ამას დღეს წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს. მისივე თქმით, ეს საკითხი უკვე განიხილა მთის საბჭომ და ამ 19 დასახლებისთვის დამატებითი ხარჯიც განისაზღვრა 2,7 მლნ ლარის ოდენობით. ყოველივე ამის გათვალისწინებით, კომიტეტმა ოთარ კახიძის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

კომიტეტმა ასევე პირველი მოსმენით იმსჯელა პარლამენტის წევრის, რომან გოცირიძის საკანონმდებლო ინიციატივიაზე და მხარი არ დაუჭირა. რომან გოცირიძემ წარმოადგინა კანონპროექტები „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკის მმართველობის სფეროში დაბრუნებას ითვალისწინებს. რომან გოცირიძის განმარტებით, ეს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დამოუკიდებლობას განმტკიცებას.

ამ საკითხზე განმარტებები გააკეთეს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ვალერიან ხასაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი მოდელით ფინანსური მონიტორინგის სამსახური მთავრობის წინაშეა ანგარიშვალდებული, მასზე არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კანონის მე-11 მუხლი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა არ ზედამხედველობს ამ სამსახურზე და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეჩერება ან გაუქმება მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა.

„ჩვენი სამსახური გაერთიანებულია ისეთ ორგანიზაციაში, როგორიცაა ეგმონტის ჯგუფი, რომელიც ყველა ქვეყნის ანალოგიური სამსახურების გაერთიანებაა და სწორედ ეს ჯგუფი განიხილავს ნებისმიერი ქვეყნის ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონმდებლობაში შეტანილ ნებისმიერ ცვლილებას, რათა ამ ცვლილებამ არ შეზღუდოს ქვეყნის ფინანსური მონიტორინგის ანალოგიური სამსახურის ორგანიზაციული, ფინანსური თუ სხვა სახის დამოუკიდებლობა. ეგმონტის ჯგუფმა განიხილა 2014 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, მიიჩნია, რომ იქ არაფერია ისეთი, რაც ჩვენი სამსახურის დამოუკიდებლობას ზღუდავს და პრაქტიკულად ამ ჯგუფის განხილვის საგანი ეს საკანონმდებლო ცვლილებები არც გამხდარა“, - განაცხადა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა და ასევე აღნიშნა, დღევანდელ დღეს, თუ კი პარლამენტი წარმოდგენილ კანონპროექტს მიიღებს, ეს ევროსტრუქტურების მხრიდან დადებითად ნამდვილად არ აღიქმება.

ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორის ვახტანგ ბურკიაშვილის განცხადებით, ფინანსური მონიტორინგის სამსახური როდესაც ჯერ კიდევ ეროვნული ბანკის ბაზაზე იყო შექმნილი, მისი დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი იყო მთელი რიგი საკანონმდებლო აქტებით, ამასთან მოქმედი კანონმდებლობა დღესაც ითვალისწინებს აღნიშნული სამსახურის საოპერაციო და ფინანსურ დამოუკიდებლობის სათანადო გარანტიებს. „შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში, რომელსაც მიიღებს საკანონმდებლო ორგანო ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ირგვლივ, უნდა შენარჩუნდეს ამ სამსახურის დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი. ეს არის ჩვენი ოფიციალური პოზიცია“, - განაცხადა ვახტანგ ბურკიაშვილმა.

კენჭისყრის შედეგად, კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა რონამ გოცირიძის ინიციატივას.

კომიტეტმა მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილა პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, კახა კუჭავას, მამუკა მდინარაძის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას და არჩილ თალაკვაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ნინო წილოსანმა წარადგინა. პროექტის მიხედვით ცვლილება შედის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლში, რომელიც ადგენს საგადასახადო შეღავათს ჰიბრიდული ავტომობილებისთვის. ცვლილებით, მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილებისათვის აქციზის განაკვეთი შემცირდება 20%-ით, ნაცვლად არსებული 60 %-ისა. კანონპროექტით განსაზღვრულია გონივრული ვადა, რათა უკვე შეძენილ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების, რომლებიც უკვე ტრასპორტირების ეტაპზე იმყოფებიან, შემძენთა უფლებები და ინტერესები არ შეიზღუდოს. კანონპროექტს მხარი დაუჭირეს როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

მუხლობრივად, მეორე მოსმენით განიხილეს ასევე მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საბაჟო კოდექსი“ და მისი თანმხლები 31 კანონპროექტი, რომლებიც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილიმა წარადგინა. კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოჯისტიკის დარგში განსახორციელებელ ოქმს”. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილის განცხადებით, საკითხი ეხება მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაციისთვის თურქეთის მხარის მიერ 300 ათასი ლირის ექვივალენტი აშშ დოლარის გამოყოფას. სამხედრო აღჭურვილობა ქართული მხარის მოთხოვნის შესაბამისად იქნება შეძენილი.

ტეგები