ვანო მერაბიშვილს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა
ამობეჭდვა · 24 / 04 / 2019 20:53
ვანო მერაბიშვილს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, უწყების ადგილობრივმა საბჭომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ივანე მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილა და მსჯავრდებულს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საბჭომ საკითხზე 11 აპრილს იმსჯელა.

"იმედინიუსის" ინფორმაციით, მსჯავრდებული ინფორმირებულია ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

სპეციალური პენიტენციაკური სამსახურის ინფორმაციით, პატიმარ მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, კანონის მოთხოვნათა დაცვით, აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ მიმდინარე წლის 24 იანვარს იმსჯელა და გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მსგავსი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა 2017 და 2018 წლებშიც.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, ყოფილი პრემიერმინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 2013 წელს დააკავეს. შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად პატიმარმა ვანო მერაბიშვილმა, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა დანაშაულზე ედავება, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი 2013 წლის 20 ნოემბერს შეიტანა. 2016 წლის 14 ივნისს ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა და მერაბიშვილის მიმართ ორი მუხლის დარღვევა დაადგინა. მერაბიშვილის საქმეზე სტასბურგის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის მთავრობამ 5 ათასი ევრო გამოყო.

ყოფილი მინისტრის პრეტენზიებიდან ერთ-ერთი საკნიდან მის უკანონო გაყვანას უკავშირდება.

2017 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების დაწესებულების საკნიდან ივანე მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და განაცხადა, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტი გამოძიებით არ დადასტურდა.

ტეგები