სოფო კილაძის და თამარ ტალიაშვილის ინიციატივით ბავშვთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა მოეწყო j
ამობეჭდვა · 25 / 04 / 2019 11:31
სოფო კილაძის და თამარ ტალიაშვილის ინიციატივით ბავშვთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა მოეწყო j

ბავშვთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენას უმასპინძლეს ნაძალადევის რაიონის  მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა, სოფო კილაძემ და ზღვის უბნის დასახლების მაჟორიტარმა საკრებულოს წევრმა თამარ ტალიაშვილმა. ღონისძიება ტრადიციულად ყოველ წელს, დეპუტატების ინიციატივით იმართება და მიზნად ისახავს ბავშვებში ერთმანეთის მიმართ თანადგომის და ტოლერანტობის გაძლიერებას, ისევე როგორც  მოხალისეობისა და ხელოვნების მიმართ ინტერესის წახალისებას. 

საქველმოქმედო გამოფენა წარმოადგენდა პროექტ „ბავშვები ბავშვებისთვის“ ფინალურ აქტივობას და მასში ჩართული იყო ნაძალადევისა და ზღვის უბნის საჯარო სკოლების განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები, რომლებმაც თავიანთი სოციალურად დაუცველი თანატოლების დასახმარებლად, სპეციალურად გამოფენისთვის შექმნეს ნამუშევრები.

სოფო კილაძე ღონისძიებაზე მისულ საზოგადოებას მიესალმა და მადლობა გადაუხადა ქველმოქმედებაში მონაწილეობისთვის. მან ასევე ისაუბრა იმ სიკეთეებზე, რაც პროექტს „ბავშვები ბავშვებისთვის“ უკვე მესამე წელია მოაქვს. „ამ პროექტით, არა მხოლოდ ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობას ვცდილობთ, არამედ უმთავრესად, ბავშვთა შორის თანადგომის, თანასწორობის და სიყვარულის გაზიარებას. მიხარია, რომ ყოველ მომდევნო წელს, ღონისძიებაში უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთვება და მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო“ - აღნიშნა დეპუტატმა. 

დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმაც. თამარ ტალიაშვილის თქმით, გადამდებია ის სიკეთე, რასაც თითოეული ბავშვი თანატოლების დასახმარებლად აკეთებს და მოხარულია, რომ თავადაც ამ პროექტის ნაწილია.

საქველმოქმედო გამოფენა, ისევე როგორც სრული პროექტი, განხორციელდა ა(ა)იპ დემოკრატიის განვითარების სააგენტოს მიერ, მაჟორიტარულ ბიუროებთან თანამშრომლობით, თბილისის მერიის და გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.