"ქართული ოცნების" ხულოს მერობის კანდიდატი ამომრჩეველს შეხვდა
ამობეჭდვა · 25 / 04 / 2019 14:29
"ქართული ოცნების" ხულოს მერობის კანდიდატი ამომრჩეველს შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხულოს მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე რიყეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების - დიდი რიყეთის, რიყეთის, დანისპარაულისა და შუასოფლის ამომრჩეველს შეხვდა.

შეხვედრებზე მოსახლეობამ მერობის კანდიდატს შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება, მეწყერსაშიშ ზონებში გაბიონების მშენებლობა და სათიბ სავარგულებში გზების მოწესრიგება სთხოვა.

„გამარჯვების შემთხვევაში, მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ თქვენი დღევანდელი მოთხოვნები შესრულდეს. არ ვისაუბრებ იმაზე, რაც აქამდე გაკეთებულა, რადგან ამას ისედაც ხედავთ. ვილაპარაკებ, მხოლოდ იმაზე, რაც ამის შემდგომ გვაქვს მოსაგვარებელი. დაწყებულია გზების კეთილმოწყობა, რაც, სხვა მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად, ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. აგრეთვე ჩვენს მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარება. ეს ადმინისტრაციული ერთეული, სადაც ამჟამად ვიმყოფებით, კურორტ გოდერძისთან ახლოს არის, ამიტომ ტურიზმის განვითარებასა და ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ. გპირდებით, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ყველა აუცილებელ და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს განვახორციელებთ, რაც ხელს შეუწყობს მეტი ტურისტის მოზიდვას, რომელიც თავისთავად გააუმჯობესებს თქვენს ყოფა-ცხოვრებას“. - განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.