პარლამენტში პროექტი - „უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“ დასრულდა
ამობეჭდვა · 25 / 04 / 2019 17:04
 პარლამენტში პროექტი -  „უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“ დასრულდა

პარლამენტში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - „უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“ დასრულდა, რომელიც 2017 წლის ოქტომბრიდან, 18 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით პარლამენტში ღონისძიება გაიმართა, რომლის მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ მიმართა და პროექტის მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრა. 

„ძალიან საინტერესო პროექტი სრულდება, რომელიც  ევროკავშირის მხარდაჭერით,  18 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს არის უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება. საკონსტიტუციო ცვლილებების მერე, რომელიც ფაქტიურად, ჩვენს ქვეყანაში მმართველობის სისტემას ცვლის, საგანგებო მნიშვნელობა აქვს პარლამენტის წინაშე სახელმწიფო სტრუქტურების ანგარიშვალდებულების გაძლიერებას. რასაკვირველია, უსაფრთხოების სექტორი ამ მხრივ ერთ-ერთი საკვანძოა, სადაც საპარლამენტო ზედამხედველობამ უნდა განავითაროს ახალი ტენდენცია, ახალი მიმართულება, როდესაც ჩვენი ქვეყანა უფრო საიმედოა უპირველეს ყოვლისა საკუთარი მოქალაქეებისთვის, ბიზნესისთვის, კერძო ურთიერთობებისთვის და საგანგებოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებმა გვიგულონ როგორც საიმედო მოკავშირე საერთაშორისო და თუნდაც რეგიონალურ დონეზე. 

პარლამენტს მიეცა სრული პოლიტიკური და პრაქტიკული შესაძლებლობა ეფექტიანად განახორციელოს ეს მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია. ამ მიმართულებით საკანონმდებლო ორგანომ გარკვეული გამოცდილება შეიძინა, გამოცდილება ევროპული და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების. დემოკრატიის განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა ეს არის კიდევ ერთი ძირითადი მიმართულება, რომელიც უსაფრთხოების სფეროსადმი ამ დამოკიდებულებას  ქმნის, როგორც ერთ-ერთ საკვანძო მნიშვნელობის საკითხს. შესაბამისად, დიდია საქართველოს პარლამენტის დაინტერესება, რაც რეალურად აისახება არამხოლოდ საკონსტიტუციო მოთხოვნების რეალიზაციის პროცესში, არამედ იმ პროფესიონალურ დამოკიდებულებაში, რომლებიც პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს გააჩნია და ამაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმ პრაქტიკულ საქმიანობას, რასაც ევროკავშირის დახმარებით ეს პროგრამა ეწეოდა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დეპუტატების, პარლამენტის სამდივნოს და კომიტეტის ხელმძღვანელების სახელით, მონაწილეებს და  პროექტის ფინანსურ და ინტელექტუალურ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

პროგრამის შედეგები საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, მონიკა ჩაკიმ შეაფასა. მისი განცხადებით, ევროკავშირს და საქართველოს მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს და ეს თანამშრომლობა ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ კიდევ უფრო გამყარდა და ახალ ეტაპზე ავიდა. მისივე ინფორმაციით, ევროკავშირი დემოკრატიული რეფორმების მხარდასაჭერად, საქართველოში არაერთ პროგრამას ახორციელებს, თუმცა უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების პროგრამა პირველად განხორციელდა. მონიკა ჩაკის შეფასებით, პროგრამის ფარგლებში გამართული ღონისძიებები პარლამენტს, მის შესაბამის კომიტეტებს და აპარატის წევრებს დაეხმარება ახლებური ხედვით აწარმოონ უსაფრთხოების სექტორის მონიტორინგი და ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაც გაიზრდება.

ღონისძიების მონაწილეებს საპარლამენტო მრჩეველმა და გუნდის ლიდერმა, სტივ ლიმ მიმართა. „პროგრამის გუნდისთვის ეს მომენტი ცოტა სევდიანია, რადგან პროგრამა სრულდება, მაგრამ იქ სადაც იხურება ერთი კარი, შესაბამისად იხსნება სხვა კარი, სხვა შესაძლებლობებით და ამოცანებით. ჩვენ, გუნდის წევრები, მოუთმენლად ველოდებით ახალი პროგრამის დაწყებას, რაც საპარლამენტო ზედამხედველობის მიმართულებებს კიდევ უფრო მრავალფეროვანს და ეფექტურს გახდის“, - აღნიშნა სტივ ლიმ. მანვე პროგრამაში მონაწილე საპარლამენტო სუბიექტებს ნაყოფიერი და საქმიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

პროგრამის  - „უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“ მიზანს საკანონმდებლო ორგანოს მიერ თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ეფექტიანი ზედამხედველობა წარმოადგენდა. პროგრამის ფარგლებში პარლამენტის აპარატის თანამშრომლების პროფესიული უნარების გაძლიერების კუთხით, არაერთი აქტივობა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა და მოწვეულმა სპეციალისტებმა მიიღეს. პროგრამა თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით წარიმართა.