საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჩამოდის
ამობეჭდვა · 26 / 04 / 2019 13:24
საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჩამოდის

საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე ეწვევა. პასკიე თბილისში 28 აპრილს ჩამოვა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

29 აპრილს PACE-ს თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდება, რის შემდეგაც კობახიძე და ლილიან მორი პასკიე პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ამავე დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი წეროვანში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში გაემგზავრება. ლილიან მორი პასკიე სოფელ ოძისშიც ჩავა.

ამასთან, 30 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდება. დღის მეორე ნახევარში კი, სალომე ზურაბიშვილთან, მამუკა ბახტაძესა და ირაკლი კობახიძესთან ერთად, სიტყვით გამოვა საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე.