HBO და Universal Pictures-ი საქართველოში კინოგადაღებებისთვის ადგილებს ეძებენ
ამობეჭდვა · 27 / 04 / 2019 10:43
HBO და Universal Pictures-ი საქართველოში კინოგადაღებებისთვის ადგილებს ეძებენ

საქართველოს ჰოლივუდის ცნობილი კომპანიებიდან ხუთი პროდიუსერი და ლოკაციის მენეჯერი სტუმრობს. მათ შორისაა HBO-ს ლოკაციების ერთ-ერთი მენეჯერი და სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ საორგანიზაციო ჯგუფის წევრი დევიდ ქოუფლანდი. ამის შესახებ "იმედინიუსი" წერს.

ვიზიტის მიზანი კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალის შესწავლაა. დელეგაციის სტუმრობა „გადაიღე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა. კინომწარმოებლები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებს 25 აპრილიდან 1 მაისამდე ესტუმრებიან. იგეგმება მათი ბათუმში, ჭიათურაში, თბილისში, უფლისციხეში , ციხისძირსა და რუსთავში ვიზიტი.

დღეს ჰოლივუდის მთავარი კინომწარმოებლები ყაზბეგსა და შატილს ეწვივნენ. დაათვალიერეს თრუსოს ხეობა, გერგეთის სამება,გველეთი ჩანჩქერი სოფელი ცდო, სნო, კარკუჩი და შატილის კოშკები. მათი განსაკუთრებული დაინტერესება დაიმსახურა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებულმა უძველესმა ისტორიულმა კოშკებმა.

ეს შეხვედრები „აწარმოე საქართველოშის“ გუნდის მიერ ერთი წლის განმავლობაში იგეგმებოდა და ის მიზნად ისახავს კინოინდუსტრიაში საქართველოს პოპულარიზაციას, ქვეყანაში კინოინდუსტრიის წახალისებას და საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის ცენტრად ქცევას.

ამერიკულ დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ქართველი კინომწარმოებლები და ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლები შეხვდებიან, მათ გამოცდილებას გაიზიარებენ და გააცნობენ ქართული კინოს შესაძლებლობებს დაარსებულ ინფრასტრუქტურას.

ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში არიან შემოქმედებითი ჯგუფის წევრები, რომლებსაც ისეთ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი როგორებიცაა: „ტრანსფორმერები“, „ვარსკვლავური ომები“ „შურისმაძიებლები“ და „ჯეიმს ბონდი: ოპერაცია სქაიფოლი“.

პროგრამისადმი „გადაიღე საქართველოში“ ინტერესი საკმაოდ მაღალია რასაც შემოსული 20 განაცხადი მოწმობს, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 39.8 მლნ ლარს შეადგენს.