ოჯახში ძალადობის ფაქტზე ვანში გამოძიება დაიწყო
ამობეჭდვა · 27 / 04 / 2019 16:43
ოჯახში ძალადობის ფაქტზე ვანში გამოძიება დაიწყო

მიმდინარე წლის 27 აპრილს, ქ. ვანში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გვიან ღამით, პოსტის დაწერიდან რამდენიმე წუთში, პოლიციამ 112-ში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და იმერეთის
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. შეტყობინების ინიციატორი ოჯახის არც ერთი წევრი არ ყოფილა. შეტყობინება
გარეშე პირმა განახორციელა.

"გამოძიების ფარგლებში, მიმდინარეობს გამოკითხვები, უკვე დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, როგორც ბავშვის, ისე მისი დედის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დადგენის მიზნით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანი უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი თ.მ.-ს გამოძიების დაწყებისთანავე დაუკავშირდა შესაბამისი დახმარების შეთავაზების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ თ. მ-სა და მისი ყოფილი მეუღლის ოჯახებმა 2017 წელს პოლიციას რამდენჯერმე მიმართეს. აქედან არცერთი ფაქტი არ ეხებოდა არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას.

პოლიციამ ყველა ფაქტზე მოახდინა რეაგირება და დაიწყო გამოძიება, მათ შორის, რამდენიმე პირი მიეცა პასუხისგებაში.

2018 და 2019 წლებში, თ. მ.-სა და მისი შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, აგრეთვე ოჯახების სხვა წევრთა მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე პოლიციაში შეტყობინება არ შემოსულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი აქტიურად ახორციელებს აღნიშნული საქმის გამოძიების მონიტორინგს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მოუწოდებს დანაშაულის შესახებ დროულად შეატყობინონ პოლიციას, რათა პოლიციამ შეძლოს სათანადო რეაგირება", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტეგები