ვაშინგტონ პოსტი: ბალენსიაგას დემნა გვასალია ცვლის ჩვენს წარმოდგენას მოდის შესახებ
ამობეჭდვა · 27 / 04 / 2019 18:25
ვაშინგტონ პოსტი: ბალენსიაგას დემნა გვასალია ცვლის ჩვენს წარმოდგენას მოდის შესახებ

ვაშინგტონ პოსტმა ბალენსიაგაში დემნა გვასალიას საქმიანობის გავლენაზე ახალი სტატია გამოაქვეყნა. „ბალენსიაგას დემნა გვასალია ცვლის ჩვენს წარმოდგენას მოდის შესახებ“ ჰედლაინი ნიუ-იორკ ტაიმსის 2016 წლის სტატიას გაგახსენებთ, როცა გამოცემამ ალესანდრო მიკელე და დემნა გვასალია მოდის ახალ ლიდერებად წარადგინა.

ახალი ინტერვიუ ბალენსიაგას 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის დასრულების შემდეგ არის ჩაწერილი. სტატიის ავტორია ვაშინგტონ პოსტის მოდის რედაქტორი, რობინ გივანი, ცნობილი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და მაღალი დონის კრიტიკოსი მოდის ინდუსტრიაში.

ინტერვიუში დემნა საუბრობს თავის ხედვაზე, მუშაობის მეთოდზე, მარჯიელას გავლენაზე, იკეას ჩანთაზე, პოპულარულ სნიკერებზე, შეუხედავი მოდის ტენდენციებზე, სხვისი კუთვნილების მისაკუთრებაზე, მოდელების მრავალფეროვან შემადგენლობაზე, ხოლო ავტორი და მოდის ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანები აფასებენ, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობის და გავლენის არის გასული 5 წელი. ყველაზე თვალშისაცემი ნიუ-იორკის მეტროპოლიტან მუზეუმის კურატორის, ენდრიუ ბოლტონის სიტყვებია. ის ამბობს, რომ გვასალია შედის იმ დიზაინერებში, რომლებმაც მოდა შეცვალეს.

„ეს არის მოდა, რომლის ხილვაც გსურს – მოდა, რომელიც განსხვავებულად გაფიქრებს, რომელიც გიწვევს. როცა ვიღაც ჩნდება, ვინც ამას აკეთებს, დრო გჭირდება, რომ მიეჩვიო. დრო დამჭირდა, რომ გამეგო. არსებობენ დიზაინერები, რომლებიც ცვლიან მოდის მიმართულებას და მე ვფიქრობ, რომ დემნამ გასულ რამდენიმე წელში ეს გააკეთა. მან მოდა შეცვალა.“

ნიშნავს თუ არა ენდრიუ ბოლტონის ეს სიტყვები იმას, რომ დემნა შესაძლოა 2019 წლის მეტ გალაზე გამოჩნდეს? ამას მაისის თვის პირველ ორშაბათს გავიგებთ.

ავტორი ხაზს უსვამს ფაქტს, რომ დემნას ბალენსიაგა არ არის ერთხმად აღიარებული ყველას მიერ. აზრთა სხვადასხვაობა, კამათი და კრიტიკა გვასალიას ბალენსიაგას ერის განუყოფელი ნაწილია. მაგალითად მოჰყავს დიზაინერი რალფ რუჩი, რომელმაც ერთი წლის წინ, სოციალურ ქსელში ბალენსიაგას Triple S-ის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ დიდებული ოტ კუტიურ სახლი დაამახინჯეს. მოგვიანებით, რალფმა პოსტი წაშალა.

თვლის,თუ არა დემნა გვასალია, რომ თრიფლ ესით შეუხედავი კედების ტრენდი წამოიწყო? არა, მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, თრიფლ ესს შეუხედავ ფეხსაცმლად არ აღიქვამს. ამ თემაზე დემნამ თებერვალში WWD -ისთან ინტერვიუშიც ისაუბრა.

მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, კამათი შეიძლება, თუმცა ერთი რამ უდავოა, დემნას ბალენსიაგა კომერციულად მუშაობს და შემოქმედებითად გავლენიანას ახდენს. სტატიაში ვკითხულობთ ნიუ-იორკის ბარნის პრეზიდენტის, დანიელა ვიტალის სიტყვებს:

„ბალენსიაგას ბრენდი ჩვენთვის ასეთი მომგებიანი არასდროს ყოფილა. შეიძლება არ მოგწონდეს,შეიძლება არ ეთანხმებოდე, მაგრამ ბალენსიაგა მუშაობს და მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ ეს დავაფასო.“

გასულ კვირას,ქერინგის კონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ ბალენსიაგას წლიური შემოსავალი წელს მილიარდ ევროს მიაღწევს. მყიდველების უმრავლესობას მამაკაცები და ახალგაზრდა მილენიალები შეადგენენ.



როგორ შეიქმნა ბალენსიაგას ყველაზე პოპულარული Triple S კედი:

‘’ვფიქრობ, ის ერთი ელემენტი, რაც ბალენსიაგას კედებს სჭირდებათ, ძლიერი სილუეტის ქონაა. ჩემთვის ეს არის ბალენსიაგა. Triple S ვუწოდეთ, რადგან 3 განსხვავებული, ძველი კედი დავჭერით ნაწილებად და შევაერთეთ. Triple S კომერციულად უფრო წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით. მართლა არ ვიყავით მზად იმდენი მიგვეწოდებინა, რა რაოდენობის მოთხოვნასაც ვიღებდით… ყველა გვეკითხება, მძღოლიც კი, ტაქსის მძღოლი, ‘’აბა, ახალი კედები როდის გამოდის?’’ ‘’საკუთრების ან პასუხისმგებლობის გრძნობა არ მაქვს, მაგალითად, უშნო კედებისთვის, თუ როგორც უწოდებენ. პასუხისმგებლობას ვერ ვგრძნობ, რადგან Triple S უშნო კედებად არ ვთვლი. ულამაზო რაღაცები არ მომწონს. არ ვიცი ვის მოაფიქრდა ეს. რეალურად ლამაზი რაღაცები მიყვარს, მაგრამ შესაძლოა ვცდილობ სილამაზე ისეთ რაღაცებში დავინახო, რაც ზოგადად დღეს ლამაზად არ მიიჩნევა”.



ბალენსიაგას Ikea ჩანთაზე,რომელიც წარმოუდგენლად ძვირად გაყიდა:

‘’რეალურად ჩემი პირადი ისტორიიდან მოდის. სტუდენტობის დროს ხშირად ვიყენებდი [Ikea] ჩანთას. ყოველთვის ვფიქრობდი, როგორი დიდებული იქნებოდა იგივე, ოღონდ უფრო ლამაზი და მდიდრული ჩანთის ქონა. რომ მცოდნოდა, როგორი ეფექტი ექნებოდა ამ ჩანთას, შესაძლოა კარგად დავფიქრებულიყავი მის შექმნაზე. გამიზნული არ მქონია ხალხის რეაქცია წამექეზებინა ან კითხვის ნიშნის ქვეშ დამეყენებინა, თუ რა არის ფუფუნების საგანი’’.


მარჯიელას გავლენაზე:

‘’სანამ ჩემს ცხოვრებაში მარჯიელა გამოჩნდებოდა, დიდი ზომები უკვე იყო ჩემი გარდერობის ნაწილი, რაც იქ ყოფნით უფრო გაძლიერდა. ვთქვი: ‘’ნახე, თურმე შეიძლება დიდი ზომის ჟაკეტის ჩაცმა. ვიღაცამ ამისგან მოდა შექმნა. შემდეგ ბალენსიაგაში მოვხვდი, არქივები ვნახე და ვიფიქრე: იქნებ მარჯიელა არ ყოფილა პირველი, არამედ კრისტობალ ბალენსიაგა იყო პირველი”.

მისაკუთრებაზე:

‘’შეგიძლია სხვისი შექმნილი ნახო და გამოიყენო, შენს შემოქმედებაში კი გარდაქმნა. სწორედ ამას აკეთებენ დიზაინერები მოდის დიზაინის იდეის დონეზე არსებობის დროიდან. რა თქმა უნდა, აქა-იქ გამოგონებები იყო, მაგრამ ყველაფერი სხვა რაღაცით განისაზღვრება. იმას ვგულისხმობ, რომ ნაპოლეონის სამხედრო უნიფორმას კოლექციებზე გავლენა ისევ აქვს. ჩემი აზრით, ის, რომ მოდაში კავშირი არ არსებობს ილუზიაა. უბრალოდ მე ვარ ის, რომელიც ამაზე საუბრობს, ღიად აკეთებს და არ რცხვენია, რომ მითვისება ხშირად ხდება შთაგონების წყარო”.

მრავალფეროვნებასა და 2016 წლის შემოდგმა/ზამთრის ჩვენებაზე მხოლოდ თეთრკანიანი მოდელების გამოყვანაზე:

‘’ეს ის პრობლემაა, რომელზეც არასოდეს მიფიქრია. მრცხ
ვენია ამის თქმა, მაგრამ მეორე მხრივ დღეს არ უნდა მრცხვენოდეს, რადგან რაღაცები ვისწავლე, რაც აქამდე უბრალოდ არ ვიცოდი. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. დასავლეთში ალბათ ბევრი ფიქრობს, ‘’როგორ არ იცოდი?’’, ახლა კარგად გავაცნობიერე, რომ მიზეზი იმისა, თუ რატომ არ იყო მოდელების შემადგენლობა მრავალფეროვანი, არის ის, რომ ეს აღზრდაში არ მქონია. ამ სიტუაციიდან ვისწავლე. იმისთვის რომ გამეგო, ეს უნდა მომხდარიყო. ამის შემდეგ მრავალფეროვნება ქასთინგის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა”.



2013 წლის მიწურულს დემნა გვასალიამ ძმასთან ერთად საკუთარი ბრენდი VETEMENTS შექმნა. ვეტმანის ფენომენალურმა წარმატებამ დემნას ბალენსიაგაში შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობა მოუტანა. დემნა გვასალია ბალენსიაგას შემოქმედებით ხელმძღვანელად 2015 წელს დაინიშნა. ბალენსიაგაში დემნას სადებიუტო ჩვენება ელიზა დუგლასმა გახსნა. მას შემდეგ ელიზა არის დემნას ბალენსიაგას ყველაზე ნაცნობი სახე. ვაშინგტონ პოსტთან გვასალია დუგლასსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ელიზა არის ქალი, რომელიც წარადგენს მის ხედვას ფრანგულ მოდის სახლში.


გვასალია 2008 წლიდან 2017 წლამდე პარიზში ცხოვრობდა და მუშაობდა. 2017 წლის ბოლოდან დემნა საცხოვრებლად ციურიხში გადავიდა. დღეს შვეიცარიაში ცხოვრობს და ვაშინგტონ პოსტს ეუბნება, რომ ციურიხში ცხოვრება პროფესიული მედიტაციასავით არის. დემნას ახალ ინტერვიუებს მედიტაცია, პიროვნული ჩამოყალიბება და სიმშვიდე ნამდვილად ეტყობა. Washington Post – ის ახალი სტატიაც ამაზე მეტყველებს. ვეტმანის გიჟური პერიოდი უკან მოვიტოვეთ. სკანდალური, ხშირად სახალისო დემნა გვასალიაც უკვე გუშინდელი დღეა, თუმცა ეს დემნას კარიერის პირველი მნიშვნელოვანი თავი იყო. ციურიხში გადასვლა და ბალენსიაგას მილიარდიან ბრენდად ქცევა ახალ თავს გახსნის, რომელიც მოდაში გვასალიას სტატუსს უფრო გაამყარებს.

წყარო: fashionholicsonline.com