პრემიერი: შევქმენით სახელმწიფო, რომელიც თვალსაჩინო დემოკრატიად ჩამოყალიბდა
ამობეჭდვა · 30 / 04 / 2019 12:56
 პრემიერი: შევქმენით სახელმწიფო, რომელიც თვალსაჩინო დემოკრატიად ჩამოყალიბდა

შევქმენით სახელმწიფო, რომელიც თვალსაჩინო დემოკრატიად ჩამოყალიბდა, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე პარლამენტში განაცხადა.

"დღეს აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენას - წელს 20 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველო ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა გახდა.

20 წლის წინ ჩვენ გადავდგით პრინციპული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანის - ევროპულ ოჯახში დაბრუნებისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანამ გაიარა ტრანსფორმაციის ძალიან რთული გზა. ბოლო წლებში გატარებული დემოკრატიული რეფორმების შედეგად, საქართველო გარდაიქმნა თანამედროვე და დემოკრატიულ სახელმწიფოდ და ეს გახლავთ სწორედ ჩვენს ევროპულ ოჯახთან ურთიერთობის, საერთო ღირებულებებისა და კულტურის შედეგი.

20 წლის წინ საქართველოს სერიოზულმ აიღ ვალდებულებები. საქართველომ პირობა დადო, რომ შექმნიდა შეუქცევადად დემოკრატიულ სახელმწიფოს, გააძლიერებდა კანონის უზენაესობას; განახორციელებდა სასამართლო რეფორმას; იბრძოლებდა კორუფციის, წამებისა და არაჯეროვანი მოპყრობის წინააღმდეგ; უზრუნველყოფდა გამოხატვის და მედიის თავისუფლებას და გააძლიერებდა ადამიანის უფლებების დაცვას. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს წინსვლა აქვს ყველა ამ მიმართულებით და ეს შესაძლებელი გახდა ევროსაბჭოს სხვადასხვა ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით და კომუნიკაციით. ამ წლების განმავლობაში ჩვენ მხარში გვედგა ევროპის საპარლამენტო ასამბლეა, მინისტრთა კომიტეტი, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი, ვენეციის კომისია, ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი და ადამიანის უფლებების მონიტორინგის სხვა ორგანოები. მათი აქტიური მხარდაჭერით, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით და, უპირველეს ყოვლისა, დემოკრატიული ტრანსფორმაციის მიმართ ქართველი ხალხისა და ჩვენი საზოგადოების უდიდესი ძალისხმევით, უკანასკნელი წლების განმავლობაში მსოფლიოს დავანახეთ, რომ საქართველო თავისუფლების, დემოკრატიისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ერთგულია.

ჩვენ შევძელით და შევქმენით სახელმწიფო, რომელიც თვალსაჩინო დემოკრატიად ჩამოყალიბდა ორ კონტინენტს შორის და აკავშირებს ევროპას აზიასთან. ამ გამოწვევებით აღსავსე რეგიონში საქართველოს აქვს ამბიცია და ხედვა, რომ მშვიდობიანი არსებობის წესები დაამკვიდროს და შექმნას მდგრადი და დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო.

დღეს ჩვენ ევროპასთან ვართ ისე ახლოს, როგორც არასდროს. თუმცა, ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ საქართველოს წინსვლის შეჩერებას", - აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას, რაც ჩვენი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა.

"ეს არის მტკივნეული გამოწვევა მათ შორის ევროპის საბჭოსთვის. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია არის უმწვავესი ხარისხის ჰუმანიტარული კატასტროფა. ოკუპაციამდელ პერიოდთან შედარებით, 5-ჯერ არის შემცირებული მოსახლეობის რაოდენობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ყოველდღე ჩვენ ვხედავთ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, ეთნიკურ ნიადაგზე მოსახლეობის დისკრიმინაციას.

ქრისტიანული სამყარო ამ დღეებში აღნიშნავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ჩვენს მოქალაქეებს კი, იმის საშუალებაც არ აქვთ, რომ თავიანთი წინაპრების საფლავზე მივიდნენ და სანთელი დაანთონ.

გრძელდება გატაცების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის, წამების და მკვლელობის ფაქტები. სწორედ ამ არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ ჩვენი მოქალაქეები - გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი და დავით ბაშარული. რამდენიმე კვირის წინ მოხდა კიდევ ერთი შემზარავი ტრაგედია, როდესაც გარდაიცვალა უკანონოდ დაკავებული ჩვენი მოქალაქე - ირაკლი კვარაცხელია.



ამ და სხვა სასტიკი დანაშაულების საფუძველზე შეიქმნა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია", რომელშიც ჩაიწერა ამ დანაშაულების ჩამდენი პირების გვარები.

ევროპის საბჭოს მთავარი ღირებულება არის ადამიანის უფლებების დაცვა. ამ სიის ფიგურანტებს საერთაშორისო სამართლით მოეთხოვოთ პასუხი და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

ჩვენი მთავარი საზრუნავი, მთავარი ამოცანა, რომელიც დგას ქართული სახელმწიფოს წინაშე, არის ქვეყნის დეოკუპაცია და ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტის გავრცელება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. საქართველოს ოკუპაციას ჩვენ არასოდეს შევეგუებით, და დარწმუნებული ვარ, არ შეეგუება არც საერთაშორისო თანამეგობრობა.

მიუხედავად ამ უსამართლობისა, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენი პასუხი ამ გამოწვევებზე არის მხოლოდ მშვიდობა და საქართველოს განვითარება. სწორედ ამიტომ, ჩვენ წარმოვადგინეთ სამშვიდობო ინიციატივა, სახელად - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და დიდი მადლობა ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის, რომლის მიზანია სწორედ ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მივცეთ წვდომა ჯანდაცვისა და განათლების სერვისებზე, შევუქმნათ მათ პირობები ელემენტარული კომერციული საქმიანობისთვის, საკუთარი ოჯახების გამოკვებისა და ფიზიკური გადარჩენისთვის.



დღეს საქართველოში ჩვენ ვქმნით ქვეყანას, რომელიც ეყრდნობა ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თავისუფალ და თანამედროვე ეკონომიკას, რომლის საგარეო პოლიტიკა უზრუნველყოფს საქართველოს ღირსეულ ადგილს საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში.

ჩვენთვის ადამიანი, მისი უფლებები და მასზე ზრუნვა ყოველთვის იყო, არის და იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი.

ჩვენთვის ადამიანური კაპიტალის შექმნა არის განსაკუთრებული ამოცანა. სწორედ ამ მიზნით ამ დღეებში საქართველოს პარლამენტში იხილება საქართველოს მთავრობის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 6%, რომელიც ფაქტობრივად ჩვენი ბიუჯეტის მეოთხედია, საქართველოში განათლებას, ახალგაზრდობას, ადამიანური კაპიტალის განვითარებას მოხმარდება. ჩვენ გვწამს, რომ ძლიერი ქართული სახელმწიფო და ძლიერი ქართული დემოკრატია უნდა ეყრდნობოდეს განათლებულ და ძლიერ საზოგადოებას.

ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი დემოკრატიის კონსოლოდაციისა და ტრანსფორმაციის პროცესს და საქართველო მუდამ იქნება ჩვენი საერთო ფასეულობების ერთგული.

ამის ნათელი მაგალითი გახლავთ შარშან, ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლა, რომლის მიხედვითაც საქართვლო გახდა სრულფასოვანი საპარლამენტო დემოკრატია და საქართველოს პარლამენტს მიენიჭა სრულიად განსაკუთრებული ფუნქციები.

2019 წლის შემოდგომაზე კიდევ ერთი ახალი ფურცელი ჩაიწერება ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისტორიაში, როდესაც საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. ეს არის დიდი პატივი და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენ ვმუშაობთ იმ პრიორიტეტებზე, რომელიც იქნება მთავარი სამოქმედო გეგმა საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში და დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროპის საბჭოს და მეტი კონტრიბუცია შევიტანოთ მის საქმიანობაში.

ქალბატონო პრეზიდენტო, მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში ჩამობრძანებისთვის და იმ პერსონალური წვლილისთვის, რომელიც ყოველდღიურად შეგაქვთ იმ პროცესში, რომ საქართველო იყოს ძლიერი და ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ტეგები