ირაკლი კობახიძე: საქართველოს თავდაცვის ძალები არის არა მხოლოდ სამშობლოს დამოუკიდებლობის გარანტი, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გამორჩეული სიმბოლო
ამობეჭდვა · 30 / 04 / 2019 19:54
ირაკლი კობახიძე: საქართველოს თავდაცვის ძალები არის არა მხოლოდ სამშობლოს დამოუკიდებლობის გარანტი, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გამორჩეული სიმბოლო

„საქართველო აღარასოდეს შეეგუება არა მარტო თავისუფლების, არამედ ჩვენი დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის თუნდაც უმცირესი ნაწილის დაკარგვასაც კი. ამ ბრძოლაში თქვენ-საქართველოს თავდაცვის ძალები ჩვენი ყველაზე საიმედო ავანგარდი ხართ“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა. ირაკლი კობახიძის თქმით, თავდაცვის ძალები ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ერთერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენი, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გამორჩეული სიმბოლოცაა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 1989 წლის 9 აპრილს, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები, მათ შორის ქალები და ბავშვები, იმპერიული სადამსჯელო მანქანის წინააღმდეგ დაუცველნი აღმოჩნდნენ, ქართველმა ხალხმა სამშობლოს დასაცავად ქმედითი და ძლიერი თავდაცვის ძალების აუცილებლობა მთელი სიგრძე-სიგანით გაიაზრა.

„ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენს მიერ გადატანილი სიძნელეები არ ჩამოუვარდება იმ ისტორიულ ქარტეხილებს, რომლებშიც ქართველ ხალხს უწევდა სამშობლოსა და თავისი თვითმყოფადი კულტურისა და ტრადიციების დაცვა.

დღეს სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო ათწლეულების ძალისხმევამ თავისი შედეგი გამოიღო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს იცავს თანამედროვედ აღჭურვილი და გაწვრთნილი, სამშობლოზე შეყვარებული ქართული ჯარი.

ჩვენი შეიარაღებული ძალები არა მარტო სამშობლოს სადარაჯოზე, არამედ საერთაშორისო მისიებშიც ამტკიცებენ, რომ არ ჩამოუვარდებიან მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფოების სამხედრო ნაწილებს და შეუძლიათ ურთულესი ამოცანების შესრულება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებისათვის უპირველეს ამოცანას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა წარმოადგენს, რაც, მისივე თქმით, არა მარტო პოლიტიკოსებისა და ჯარისკაცების, არამედ თითოეული ქართველის ყოველდღიური ზრუნვისა და შემართების საგანი უნდა იყოს.

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ყველაფერი გავაკეთოთ, რათა საქართველოს თავისუფლება და ტერიტორიული მთლიანობა სათანადოდ იყოს დაცული. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, უპირველეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ევროკავშირის ქვეყნები და ნატო საქართველოს გვერდით დგანან.

ჩვენი საერთო ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ რეგიონული და საერთაშორისო მშვიდობა და სტაბილურობა მიღწეული იქნეს დემოკრატიული და პროგრესული ძალების გამარჯვების საფუძველზე. საქართველო ვერ დაუშვებს დაბრუნებას იქ, საიდანაც თავის დასაღწევად არაერთი თაობის წარმომადგენლებმა გაწირეს თავი. დღევანდელ დღეს პატივი უნდა მივაგოთ სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს, ჩვენს მებრძოლებს და განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატოთ მათი ოჯახების მიმართ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას.

დღესვე, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან ერთად, ვაზიანში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო. ირაკლი კობახიძე სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს გაესაუბრა და გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერა.



 

ტეგები