მამუკა ბახტაძემ თბილისში მსოფლიო ბრენდის სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi გახსნა
ამობეჭდვა · 03 / 05 / 2019 10:10
მამუკა ბახტაძემ თბილისში მსოფლიო ბრენდის სასტუმრო Wyndham  Grand Tbilisi გახსნა

მაისიდან საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს კიდევ ერთი მსოფლიო ბრენდის სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi მასპინძლობს. 2 მაისს, თბილისში კომპანიის „სიტი ემ“ (City M) 48 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, სასტუმრო „ვინდამ გრანდ თბილისი“ ოფიციალურად გაიხსნა. სასტუმროს გახსნისათვის მოსამზადებელი სამუშაოები და მართვა კომპანიამ "მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეშენალ" (McInerney Hospitality International Georgia) განახორციელა.

სასტუმროს გახსნის საზეიმო ცერემონიას საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
მარიამ ქვრივიშვილი, ასევე ხელისუფლების, ბიზნესისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობისათვის თბილისში სპეციალურად ჩამოვიდნენ Wyndham-ის რეგიონული
ხელმძღვანელობის წარმომადგენელი - ევროპის, შუა აზიის, ევრაზიისა და აფრიკის მიმართულებების პრეზიდენტი და მმართველი დირექტორი დიმიტრის მანიკისი და McInerney Hospitality International Georgia-ს პრეზიდენტი და
აღმასრულებელი დირექტორი ჯოზეფ მაკინერნი.

დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში განთავსებული სასტუმროს „ვინდამ გრანდ თბილისი“ მშენებლობის პროცესში, მფლობელმა კომპანიამ განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ მოდერნისა და ძველი არქიტექტურის ჰარმონიულ სინთეზს
მიანიჭა და პროექტი უნიკალური და ურთულესი ტექნოლოგიების გამოყენებით განახორციელა. არქიტექტურა ბუნებრივადაა შერწყმული მუზეუმების ძველ უბანთან. სასტუმრო კომპლექსი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და
ეროვნული მუზეუმის ისტორიული შენობებს შორისაა მოქცეული. კომპანიამ „სიტი ემ“, პროექტის ფარგლებში, უმაღლესი სტანდარტებით სრულად გაარემონტა 3650 კვ.მ ფართი, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, სასტუმროს Wyndham Grand Tbilisi გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, ინვესტორებს მასშტაბური ინვესტიციის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იგი დარწმუნებულია,
ახალი სასტუმრო დედაქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდება. პრემიერმა სამაგალითოდ შეაფასა კომპანიის "სიტი ემ", როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი ბიზნესის კულტურის სფეროსთან თანამშრომლობის ფაქტიც.

„აღნიშნული სასტუმრო მართლაც ძალიან ჰარმონიულად ჩაჯდა მუზეუმების უბანში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის ფარგლებში ფართი გადაეცა ეროვნულ მუზეუმს და ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა თანამშრომლობდეს სოციალურად პასუხისმგებლიანი ბიზნესი კულტურის სფეროსთან. მთავრობა ასეთ
პროექტებს ყოველთვის მხარს დაუჭერს. ჩვენი ეკონომიკური სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ სწორედ საქართველო გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი, სადაც თითოეული ინვესტორი გრძნობს, რომ ქვეყანა ყოველწლიურად
ვითარდება, წინ მიდის და საქართველოში ჩადებული ინვესტიციები გენერირებენ უკუგებას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სასტუმროს გახსნის ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით თბილისის მერმა კახა კალაძემაც მიმართა და სასტუმროს პროექტის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

„როგორც დედაქალაქის მერს, მიხარია, რომ ჩვენს ქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და თბილისს კიდევ ერთი მაღალი კლასის, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო შეემატა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველივე დღიდან ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში და საქმე ბოლომდე მიიყვანა. აქვე, არ შემიძლია, არ შევეხო ქართველებისა და ებრაელების ურთიერთობას, რომელიც 26 საუკუნეა არსებობს და ის მეგობრობა, რომელიც ჩვენს ხალხს აკავშირებს, ნამდვილად დასაფასებელია. დარწმუნებული ვარ, თქვენი ჩართულობით კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება, ცენტრალური თუ დედაქალაქის ხელისუფლება კი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების
განხორციელებისას ყოველთვის გვერდით დაგიდგებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სასტუმროში 158 ნომერი, 17 ლუქსი, აქედან - 2 საპრეზიდენტო, 5 საკონფერენციო სივრცე, საცურაო აუზი, ლაუნჯ-ბარი და 3 რესტორანია, მათ შორის, პანორამული “სქაი ბარი”. 1500 კვ.მ ჰოლი სტუმრებისთვის განსაკუთრებულ კომფორტს ქმნის, ხოლო სპეციალური დაკვეთით Wyndham Grand Tbilisi-სათვის მსოფლიოში განათების ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის Lasvit მიერ დამზადებული 22 მეტრიანი, უნიკალური „მშვიდობის ჭაღი“, მას კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას სძენს. აღსანიშნავია, რომ კომპლექსში გამოფენებისა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებისთვის ყველა პირობაა გათვალისწინებული.

კომპანია Wyndham Hotels & Resorts (ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე: WH) მსოფლიო მასშტაბით 80-ზე მეტ ქვეყანაში 9000-მდე სასტუმროს აერთიანებს.

თავდაპირველად სასტუმროს მშენებლობა საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ინიციატივა იყო, რომელიც შემდგომ პალატის წევრმა კომპანიამ „სიტი ემ“ გადაიბარა და მოიძია ბრენდი „ვინდამ გრანდი“, რითაც ხელი შეუწყო ქვეყნის  ტურისტულ ბაზარზე მსოფლიოში სასტუმროების უმსხვილესი ფრენჩაიზერის შემოსვლასა და 300-მდე ადამიანის დასაქმებას.

კომპანიის „სიტი ემ“ მიზანია კვლავ განაგრძოს საქართველოში ინვესტირება, კერძოდ კი, თანხების დაბანდებას მძიმე მრეწველობაში გეგმავს. საბოლოო ჯამში მისი ინვესტიცია ქვეყანაში 200 მლნ აშშ დოლარს მიაღწევს.



 

ტეგები