სექსუალური შევიწროვების შესახებ კანონი პარლამენტმა დაამტკიცა
ამობეჭდვა · 03 / 05 / 2019 13:32
სექსუალური შევიწროვების შესახებ კანონი პარლამენტმა დაამტკიცა

სექსუალური შევიწროვების შესახებ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 102-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი არც ერთი დეპუტატი არ იყო. ამის შესახებ on.ge წერს.

სექსუალური შევიწროების დეფინიცია კანონში განისაზღვრა და დისკრიმინაციის ეს ფორმა შრომით ურთიერთობებში თუ საჯაროდ, დარეგულირდა. საკანონმდებლო ცვლილებები შეეხო შრომის კოდექსს, სახალხო დამცველის შესახებ კანონს, სამოქალაქო საპროცესოსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებს.

სექსუალური შევიწროება შრომითი ურთიერთობებისას

შრომის კოდექსი იცნობს შევიწროების ტერმინს, თუმცა არ განმარტავს სექსუალურ შევიწროებას. ცვლილების მიხედვით, კოდექსს ემატება სექსუალური შევიწროების განმარტება:

"სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს".

სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში

პროექტში განმარტებულია, რომ სექსუალური ხასიათის ქცევაში იგულისხმება სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან/და მიმართვა, გენიტალური ორგანოების ჩვენება, ნებისმიერი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ფიზიკური ქცევა.

ადმინისტრაციულ კოდექსში განისაზღვრება სექსუალური შევიწროების ცნება საჯარო სივრცეში, რაც ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებებსაც და განსაზღვრავს სანქციებს. კანონის დამტკიცების შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინსტროს წარმომადგენლები შეადგენენ სექსუალური შევიწროების ჩამდენი პირის მიმართ შესაბამის ოქმს, საბოლოო გადაწყვეტილებას, სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით, მიიღებს სასამართლო.

სანქციები

სექსუალური შევიწროება — საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. ერთი წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით;

იგივე ქმედება არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით — გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით. ერთი წლის განმავლობაში გამეორების შემთხვევაში გამოიწვევს 800-დან 1 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.
ცვლილება სახალხო დამცველის საქმიანობაში

სექსუალური შევწიროების შემთხვევის წინააღმდეგ დაზარალებულს ორი მექანიზმი აქვს: მიმართოს სახალხო დამცვველს ან სასამართლოს. სახალხო დამცველი შეისწავლის საქმეებს და თავისი მანდატის ფარგლებში, ფიზიკური თუ იურიდიული პირის, ასევე, კერძო სამართლის სხვა სუბიექტის მიმართ გამოსცემს რეკომენდაციას. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ომბუდსმენი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს სარჩელით და მოითხოვოს რეკომენდაციის შესრულება, თუ მათ არ გაიზიარეს ან არ უპასუხეს მის რეკომენდაციას.

სახალხო დამცველი ასევე უფლებამოსილი იქნება თავის ანგარიშებში მიუთითოს დამრღვევი ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ ინფორმაცია. ფიზიკური და იურიდიული პირი, ასევე, კერძო სამართლის სხვა სუბიექტი, კანონით ვალდებული იქნება განიხილოს რეკომენდაცია და 20 დღის განმავლობაში წერილობით აცნობოს შედეგები ომბუდსმენს.

2014 წლის სექტემბერში ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევით, თბილისის მეტროს სადგურებში შევიწროების ყველაზე ხშირი სახე იყო სექსუალური კომენტარი/ხმა (31%), შეხება (38%), მიწოლა/სხეულზე ხახუნი (14%), საკუთარ სასქესო ორგანოებზე შეხება, დისკომფორტის შექმნის მიზნით (6% )და სხვა (14%). ყველაზე ხშირად სექსუალურ შევიწროებას რესპონდენტები საღამოს საათებში განიცდიდნენ - 65,6%.

ტეგები