სკანდალური წერილი ციხიდან - ამ ჯოჯოხეთს თავს ვერ ვაღწევთ
ამობეჭდვა · 03 / 05 / 2019 14:57
სკანდალური წერილი ციხიდან - ამ ჯოჯოხეთს თავს ვერ ვაღწევთ

გლდანის ციხიდან პატიმრებმა წერილი გამოაგზავნეს, რომელშიც ისინი დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ. 

წერილს, რომელიც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულმა პატიმრებმა გლდანის N8 საპყრობილედან, რამდენიმე დღის წინ, მოძრაობას - „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“- გამოუგზავნეს, "პრაიმ-ტაიმი"ავრცელებს:

„სასჯელაღსრულების N8 გლდანის დაწესებულებაში საშუალოდ 3000 პატიმარია. ეს ციფრი 99% ზუსტია, რადგან დაწესებულებას ყოველდღიურად აკლდება და ემატება ბრალდებულ-მსჯავრდებულების რაოდენობა. ამ 3000-დან გამოიკითხა 2587 პატიმარი, დანარჩენთან ამა თუ იმ მიზეზით ვერ მოხერხდა გასაუბრება. გამოკითხულთაგან 2086 ადამიანს ერთხელ მაინც უთამაშია აზარტული თამაშები, 1750 - ხშირად თამაშობს, ხოლო 856 პატიმარი აცხადებს, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულია და სწორედ, ლუდომანიით გამოწვეული პრობლემების ერთობლიობა გახდა მიზეზი, რამაც დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგა.

სხვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებშიც უამრავი ასეთი ადამიანი იხდის სასჯელს და საერთოდ საქართველოს მასშტაბით გამოკითხულ პატიმართა 34 % ამბობს, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული და შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა ლუდომანიით პროვოცირდა.

პირადად მე გლდანის ციხეში ვიხდი სასჯელს, ახლა ამ სიტყვების წერისას აქ ვარ, მალე 26 წლის გავხდები და უკვე 11 წელია, რაც აზარტულ თამაშებზე მთელი არსებით დამოკიდებული ვარ. ამ 11 წლის მანძილზე საერთო ჯამში 6 წლის ციხეში გატარება გამომდის, თუმცა თავისუფლებაზე ყოფნისასაც ერთი წამითაც არ ვყოფილვარ თავისუფალი, ჩემი გონება შეპყრობილია! დღეს ჩემთან ერთად არიან პატიმრები, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს და ამ წერილს ერთობლივად ვწერთ.

სტატისტიკური კვლევაც ჩვენი რესურსით და ენერგიით ჩავატარეთ. გვინდა საზოგადოების ყურადღება ერთ საკითხზე გავამახვილოთ. თითოეულმა ჩვენგანმა თამაში სისტემაში არსებული ამა თუ იმ ხვრელის მეშვეობით არასრულწლოვნების გაუცნობიერებელი ასაკიდან პატარა თანხებით დავიწყეთ. დღეს კი აღარაფერი გაგვაჩნია, არასასურველ და არასანდო ადამიანებად ვიქეცით. ჩვენი უნარები დაჩლუნგდნენ, რეპუტაცია შეილახა და ამ ჯოჯოხეთს თავს ვერ ვაღწევთ. ყველას ერთხელ და სამუდამოდ გვსურს ამ სენისგან გათავისუფლება, თუმცა როგორც მოვახერხებთ, ეს არ ვიცით. ზოგი აქ პირველად ვართ, ზოგი-მეორედ, მესამედ, მეოთხედ. მიზეზები კი ყოველთვის ერთია - ლუდომანია! ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ დანაშაულით დაკისრებულ პასუხისმგებლობას და არ ვითხოვთ ჩვენი ქმედება გაამართლოთ, არც სასჯელის შემცირებას და ვადაზე ადრე განთავისუფებას ვითხოვთ. უბრალოდ გვინდა, რომ აზარტულ თამაშსა და დანაშაულს შორის, პირდაპირი კავშირი დაგანახოთ. რთულია, ჯანმრთელი ადამიანის ნეიტრალურმა გონებამ სრულფასოვნად აღიქვას ლუდომანის ფსიქიკური სიღრმე და ის სასოწარკვეთა, რომლისაც ხშირ შემთხვევაში დანაშაულამდე ან სულაც სუიციდამდე მივყავართ, მოთამაშე ვეღარ ხედავს სიცოცხლის აზრს და იმ უმწვავეს პრობლემას შორის, რომელიც თამაშზე დამოკიდებულებებით თვითონვე გამოიწვია, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იჭედება და თავის გადასარჩენად ყველაფერზეა წამსვლელი, პასუხისმგებლობით ვალდებულებების შესრულებისთვის და პრობლემების მოგვარებისთვის დანაშაულზეც მიდის, თუნდაც მანამდე, მთელი ცხოვრების მანძილზე, მაღალი სამოქალაქო შეგნებით და კანონმორჩილად ეცხოვროს. ასეთ დროს ჩვენი თავი არ გვეკუთნის, ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ვერ ვაკონტროლებთ მოქმედებებს და ვერ ვაფასებთ შედეგებს. აღარ გვახსოვს პასუხისმგებლობა, აღარც ის, თუ ვინ ვართ ჩვენ და საერთოდ არაფერი. გვესმის, რომ ნეიტრალური საზოგადოებისთვის ჩვენი ჯიუტი ქმედება და თამაშებზე დამოკიდებულება გამაღიზიანებელია, მაგრამ ეს ჩვენი ბრალი აღარ არის, ეს ავადმყოფობაა“ ეს არის დისტანციური მართვა იმ დაწყევლილი ძალის მიერ, რომლებსაც ჩვენი არსება და ადამიანური სისუსტე, კაზინოში პირველი შესვლისთანავე დაიპყრო. ჩვენი გონება შეუვალი რწმენით არის მოწამლული - სულ გვგონია, რომ მოვიგებთ და არაფერი დაშავდება, ვერ ვაკონტროლებთ განცდებს და ჩვენი იმედგაცრუებული გონება მხოლოდ უკვე დამდგარ შედეგს აღიქვამს, რომელიც თავისი სიმწვავით გვანადგურებს, გვწვავს სირცხვილის გრძნობით და ჩვენც თავის გადარჩენის მიზნით დანაშაულამდე ან თვითმკვლელობამდე მივყავართ. ლუდომანია 21-ე საუკუნეში კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მტერია. ეს მოჯადოებული წრეა, ისტორიები უსასრულოდ მეორდება, ერთიდაიმავე, ხასიათის დანაშაულები, დრო კი არ ჩერდება და ჩვენ გისოსებს მიღმა ვაგრძელებთ ცხოვრებას, გვიყვარს, გვენატრება, ვოცნებობთ და ველოდებით, ჩვენ ცხოვრება გვინდა, ბედნიერება გვწყურია.

მივმართავთ სახელმწიფოზე პასუხისმგებელ პირებს - ნასამართლეობიდან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან რთულია დასაქმება, თითქმის წარმოუდგენელი. მთელი არსებით გვინდა ციხიდან განთავისუფლების შემდგომ საკუთარი თავი და ცხოვრება დავიბრუნოთ. აღარ გვინდა იგივე განმეორდეს და ელემენტარული სურვილების დასაკმაყოფილებლად კაზინოში მოგვიწიოს მისვლა, ეს ძალიან არ გვინდა. იქნებ რაიმე ჭკვიანური ალტერნატივა შემოგვთავაზოთ- პროგრამა, რომელშიც ჩავერთვებით და ცხოვრებას რაციონალურად აღვიქვამთ ან იქნებ მივბაძოთ სხვა განვითარებულ ქვეყნებს და ავკრძალოთ კაზინოები, მივიღოთ მკაცრი რეგულაციები. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ შესაბამისი ნაბიჯები და სათამაშო სივრცეების ქალაქიდან გადატანა მკვეთრად შეამცირებს დანაშაულის რიცხვს და პატიმრების რაოდენობას, რაც გამოთავისუფლებელ თანხებს ნიშნავს ქვეყნისთვის. ასევე, შემცირდება ოჯახთა ნგრევის და მატერიალური გაკოტრების სტატისტიკური ციფრი, შემცირდება თვითმკვლელობის ფაქტები და უკვე ყოფილ აზარტულ მოთამაშეთა გამოჯანმრთელებული ფსიქიკა, აღდგენილი უნარები, განწმენდილი გონება და თავისუფალი სული, სახელმწიფოებრივ განვითარებას და სასიკეთო საქმეს მოხმარდება.

გვესმის, შეიძლება ვინმემ გვითხრას, რომ ადამიანის თავისუფალი ნება არ უნდა შეიზღუდოსო და როგორც თქვენ არ გინდათ კაზინო, ისე ვიღაცას უნდა და არჩევანის უფლება ყველას უნდა ჰქონდესო, გეთანხმებით, მაგრამ, ამ შემთხვევაში ერი იღუპება, ეს გენოციდია! სადაც იმას გვიკანონებთ, რა მოვწიოთ, როდის, სად და რამდენი მოვწიოთ ბარემ თამაშებსაც მიხედეთ! სხვა სახელმწიფოების მთავრობა, სადაც თამაში აკრძალულია, მეტად ზრუნავს თავიანთ მოქალაქეებზე და ნაკლებად უნდათ კაზინოებით გამდიდრებული ბიუჯეტი...“, - წერია ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

 

ტეგები