ვახტანგ გომელაური: პარლამენტში მთავარი პანკისის თემა იყო
ამობეჭდვა · 03 / 05 / 2019 21:41
ვახტანგ გომელაური: პარლამენტში მთავარი პანკისის თემა იყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში წლიური ანგარიში წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ ყველა მიმართულებით არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე იყო საუბარი, თუმცა მთავარი თემა პანკისი იყო.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო არა მხოლოდ 21 აპრილს პანკისში განვითარებულ მოვლენებს, არამედ სხვა საფრთხეებსაც, მათ შორის სირიის მიმართულებით.

„ეს არ იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომ გათვლილი ყოფილიყო, რა როგორ მოხდებოდა. შევიდა სამშენებლო კომპანია, რომელსაც შეჰყვა 35 პოლიციელი. მას შემდეგ, რაც ვითარება დაიძაბა, მოხდა უკვე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების შეყვანა, სულ ეს იყო. იქ უკვე როგორ განვითარდა თემა, ამის ანალიზი უნდა გაუკეთდეს.

რა თქმა უნდა, ცუდი ფაქტი მოხდა. ჩვენც ჩართულები ვიყავით. ქვეყნის უსაფრთხოებაზე ჩვენ ვზრუნავთ და ამასთან, ჩვენ შსს-ს გარეშე ვერაფერს გავაკეთებთ. ორივე უწყება ჩართული იყო. რა თქმა უნდა, ვიზიარებ იმას, რა ფაქტიც მოხდა – რამდენიმე პოლიციელი დაშავდა, რამდენიმე ჩვენი მოქალაქე დაშავდა. სად რა გაიპარა, ანალიზს გავაკეთებთ, ამის შემდეგ ვიტყვით, რომ ეს იყო ან არ იყო შეცდომა. აქედან გამომდინარე, გავაკეთებთ განცხადებას”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ამასთან, სუს-ის ხელმძღვანელი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას გახარიასთან დაპირისპირება აქვს, უარყოფს.
 

ტეგები