ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა
ამობეჭდვა · 06 / 05 / 2019 18:15
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე უძღვებოდა, კანონმდებლებმა მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილეს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“.

კანონპროექტი, რომელიც მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაა, სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ წარადგინა. ორგანული კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, 12 მაისის უქმე დღედ გამოცხადების საფუძვლად განისაზღვრება ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეც - იმედის დღე.

კანონპროექტის მიმართ შენიშვნები არ გამოთქმულა და კომიტეტმა მის გატანას პლენარულ სხდომაზე განსახილველად მხარი დაუჭირა.

კომიტეტმა ასევე საბოლოო - მესამე მოსმენით განიხილა პარლამენტის წევრების კახაბერ კუჭავას, ოთარ დანელიას, ზაზა ხუციშვილის, ენძელა მაჭავარიანის, კობა ლურსმანაშვილის, სულხან მახათაძის, გოგი მეშველიანისა და ირაკლი ხახუბიას საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

მომხსენებლის, კახა კუჭავას განცხადებით, სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში ცვლილების აუცილებლობა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტიდან გამომდინარეობს.

შესაბამისად, კანონპროექტი მიზნად ისახავს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების იმ დაღუპულ თანამშრომელთა ოჯახების სოციალური პირობების გაუმჯობესებას, რომლებიც სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო/სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდნენ, ან რომელთაც მინიჭებული აქვთ გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის უფლებამოსილება, ასევე სატყეო-სამეურნეო (ტყის აღრიცხვის, მოვლა-აღდგენის, ტყითსარგებლობის) ღონისძიებების განხორციელების, მონაწილეობის, ზედამხედველობის ან მონიტორინგის უფლებამოსილება.

სხდომაზე კომიტეტის წევრმა ელენე ხოშტარიამ განცხადება გააკეთა და სოცმუშაკების პრობლემების მოსაგვარებლად კომიტეტის წევრებს უფრო ქმედითი ღონისძიებების განხორციელებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, არსებობს საჯარო ინფორმაცია, რომ მთელი რიგი დაპირებები და პირობები სოცმუშაკებისთვის არ კმაყოფილდება და პარლამენტი მოვალეა დააჩქაროს მინისტრების პარლამენტში მოსვლა, რათა გააგრძელოს საპარლამენტო კონტროლი ამ საკითხზე.

„საჯარო ინფორმაცია, ოფიციალური პასუხი იმის თაობაზე, თუ რა გაკეთდა სოციალურ მუშაკებთან მიმართებაში, პარლამენტმა მიიღო და იგი კომიტეტის წევრებსაც დაურიგდათ. არსებობს გრძელვადიანი და საშუალოვადიანი გეგმა და კომიტეტის თითოეულ წევრს შეუძლია გაეცნოს, რა გაკეთდა ამ გეგმის მიხედვით. თუ რამე არ სრულდება, რა თქმა უნდა ჩვენი მოვალეობაა, რომ აღსრულებაზე კონტროლი დავაწესოთ. მაისის ბოლოს, საჯარო სხდომა მინისტრების მონაწილეობით და მათი მოსმენა კანონის და რეგლამენტის მიხედვით გაიმართება“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომიტეტმა დღესვე გადაწყვეტილება მიიღო წინა სხდომაზე განხილულ საკითხზე და მხარი დაუჭირა მოქალაქე რობინზონ ქოქოშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტთან დაკავშირებით. საკანონმდებლო წინადადება ვეტერანი მფრინავების წელთა ნამსახურობის გამოთვლას და, შესაბამისად, მათ საპენსიო უზრუნველყოფას ეხება.




 

ტეგები