რა გზებით ცდილობდნენ ქართველები ევროპაში მოხვედრას?
ამობეჭდვა · 06 / 05 / 2019 19:57
რა გზებით ცდილობდნენ ქართველები ევროპაში მოხვედრას?

ქართველ ემიგრანტებზე არაერთი ამბავი გსმენიათ, მგარამ კიდევ ერთხელ თუ გადავავლებთ თვალს გასულ ათწლეულებს, აღმოვაჩენთ, რომ ისინი, ოჯახების გადასარჩენად, სიცოცხლესაც რისკავდნენ

ბევრისთვის ემიგრაცია ყბადაღებული თემაა, ემიგრანტები კი - გაკიცხვის სუბიექტები.

ხშირად გვესმის ფრაზები: „შვილები დაყარა აქ და სად გადაიხვეწა?“ „ისეთი რა გაუჭირდათ, სხვის მონად რომ არ წასულიყო?“ „თვითონ ნაირნაირ ფოტოებს აქვეყნებს“...

ემიგრანტები ის ადამიანები არიან, ვინც გარისკეს. გარისკეს, ჯერ მორალურად და შემდეგ - ფიზიკურად.

მათი განვლილი გზა მარტივი არაა. ვიზალიბერალიზაციამდე ბევრმა ისე ჩააღწია „გადამრჩენელ“ ქვეყნებში, როგორც მათი ჯიბე გასწვდა. თავისებურ და განსხვავებულ ისტორიებს ერთი რამ, შორეული გზა აერთიანებს.

გზა, რომელიც ხიფათით, რისკით და უსიამოვნო სიურპრიზებით იყო სავსე... გზა, რომელიც ფეხით, ნავით, გემით, კატერით, ავტობუსის სამალავით, უკეთეს შემთხვევაში კი, „ნაყიდი ვიზებით“ დაფარეს...

სანამ ვიზალიბერალიზაცია მოხდებოდა და ევროპა ქართველებს კარს ფართოდ გაუღებდა, ოჯახების გადასარჩენად მიმავალი ემიგრანტები სხვადასხვა გადასაპარ გზებს ეძებდნენ. ეძებდნენ და პოულობდნენ კიდეც...

ყველა ემიგრანტს უკანონოდ წასვლა გაუსაძლისმა გაჭირვებამ აიძულა. სახლების, ოჯახებიდან უკანასკნელი ძვირფასი ნივთების გაყიდვით, ან ნასესხები ფულით „გადამყვანებს“ აკითხავენ. გადამყვანები ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც სხვადასხვა არალეგალური გზით ჰპირდებოდნენ უბილეთო მგზავრებს დანიშნულების ადგილამდე ჩაყვანას...

„ნაყიდი“ ვიზა

თვითმფრინავი, მასშტაბური აეროპორტები და ტურები მხოლოდ ზღაპრად მოყოლილი ამბებია მათთვის, ვინც ვიზა ვერ იყიდა მაღალი ფასის გამო. ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლების გასტროლები არამხოლოდ ქართული ხელოვნებით აოცებდა ევროპელებს, არამედ - თითოეული კონცერტის შემდეგ მომატებული არალეგალი ემიგრანტებითაც. გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ანსამბლთა ხელძღვანელები სამუშაოს მაძიებელ ქართველებს საკმაოდ სოლიდური თანხის სანაცვლოდ თანამშრომლებად ასაღებდნენ... თუმცა, ეს ძველი და თითქმის მივიწყებული გზაა ევროპამდე...

თვითმფრინავის ფრთის ქვეშ ქამრით მიმაგრებული ახალგაზრდა

რამდნიმე წლის წინ, რუსეთის ერთ-ერთმა სატელევიზიო არხმა საზარელი ამბავი გადასცა. აეროპორტიდან გასულმა კადრებმა შეძრა საქართველო. 26-დღიანი ფრენის შემდეგ, რუსეთში ნუკოვოს აეროდრომზე რუსული ავიახაზების თვითმფრინავი დაეშვა. საჰაერო ტრანსპორტის დათვალიერებისას სისხლის კვალი ნახეს... თვითმფრინავის ფრთის ქვეშ ქამრით მიმაგრებული 26 წლის ქართველი ახალგაზრდის გვამი იპოვეს, რომელიც ჰაერში გაიყინა...

ევროპული გზა ავტობუსით...

პირველ რიგში მრავალსაათიანი მგზავრობა დაღლილობის ასოციაციას იწვევს. თუმცა, სავარძელზე კომფორტულად ჯდომა რა სათქმელი და საწუწუნოა მაშინ, როცა ქალები საზღვარზე გადაპარვას ავტობუსის სამალავებში ცდილობდნენ და შეიძლება ითქვას, უცხო ქვეყანაში ჯანმრთელობაშერყეულები ჩადიოდნენ...

„ბუნკერი“ ავტობუსში

მას შემდეგ, რაც ქართველებმა მეზობელ თურქეთთან უვიზო რეჟიმით სარგებლობა დაიწყეს , მხოლოდ რამდენიმე ათეულ დოლარად ლეგალური გზით, დაიწყეს ქართველებმა გამგზავრება. იქიდან კი არჩევანს აკეთებდნენ ფასების მიხედვით - საავტომობილო, საფეხმავლო თუ საზღვაო გზით მოხვედრილიყვნენ ევროპულ ქვეყანაში, საბერძნეთში.

საშუალო ფასის გადახდა უწევდათ ავტობუსში არსებული ბუნკერების სარგებლობისთვის. ავტობუსის უკანა კარი, ე.წ. „სავარძლებს“ შორის არსებული ცარიელი სივრცე, სიღრმით, ერთი მეტრი და სიგანით, დაახლოებით, 60 სანტიმეტრი ის „სამალავია, რომელშიც საბაჟო პუნქტთან მიახლოვებული ქალები ჩადიოდნენ. დახურულ, ბნელ და ძალიან ვიწრო ყუთში მოთავსებული მგზავრები ხშირად გულწასულები ამოჰყავდათ 10-15 საათიანი დატუსაღების შემდეგ...

ავტობუსის საბუთიან მგზავრებთან ერთად, საბაჟო პუნქტის გადალახვა საბარგულში განთავსებულ ყუთებში ტელევიზორის ნაცვლად, ვალებდადებულ ქალებს მოუწიათ...

არაერთხელ თქმულა და გვინახავს კადრები, ჩემოდანში ტანსაცმლისა და პირადი სხვა ნივთების მაგივრად „ჩაბარგებული“ ქალების შესახებ... გვსმენია, ავტობუსის სათადარიგო საბურავის საშუალო წონის ადამიანის თარგზე, შიდა მხრიდან გამოჭრილი რეზინების შესახებაც...

სატვირთო გემზე ან მცირე რიცხობრივ ნავზე ოჯახების გადასარჩენად ამხედრებული მიგრანტები... ქალები, რომლებიც ხალიჩაში გადაახვიეს და მხოლოდ კუნძულზე გახსნეს... გაბუჟებული სხეული და ნანატრი ჰაერი. პირველი შეგრძნებები უცხო სანაპიროს ხმელეთთან ახლოს...

მე ვზივარ ნავში...

საზღვაო ტრანსპორტით გადაპარული ქართველების მგზავრობას კრუიზს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. დასავლეთ თურქეთის სანაპიროებიდან საბერძნეთის კუნძულებამდე გადასაცური ზღვა მეტად სახიფათოა. საბარგო გემებში, ტვირთის ნაცვლად განთავსებულმა ქართველებმა ფიზიკური ტანჯვა განიცადეს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ერთ-ერთ სახელმძღვანელოში, რომელიც გვასწავლის თუ რა უნდა იცოდნენ მიგრანტებმა, საზღვაო ტრანსპორტით გადასვლის შესახებ, წერია: „გახსოვდეთ გემის სამანქანე ნაწილში დამალვა იწვევს სმენის დაქვეითებას“.

დაშვებულზე გაცილებით მეტი ადამიანური ტვირთით დამძიმებული ნავებიდან გადმოცვენილ მიგრანტებს შორის არიან ქართველებიც, რომლებმაც სიცოცხლე ტალღებს შესწირეს...

სულ რამდენიმე ასეული ევროს მოგროვება შეძლეს. ზოგმა უკანასკნელი ნივთები გაყიდა, ნაწილმა ისესხა და მცირე თანხით ევროპისკენ გასავლელ გზას ფეხით შეუდგა. ჭაობებს შორის სახიფათო ბილიკები, ტყეებსა და კლდეებზე მცოცავი ქართველები მდუმარე ტირილით მთვარის შუქზე გზას საბერძნეთისკენ მიიკვლევდნენ...

ფეხით ჭაობისკენ...

თურქეთიდან ჭაობებგადავლილი, მერე ტყე-ტყე ნასიარულევი და ბოლოს ადგილზე ჩასული ქართველების შესახებ ცნობები საბერძნეთიდან მოდიოდა. ეს ევროპაში მოხვედრის ყველაზე იაფი გზა იყო.

„გადამყვანები“ კარგად იცნობენ ბუნებას. იცოდნენ, სიარულის ტემპი, ჭაობი, ტყეები და კლდეები. იციან, მესაზღვრეების შეცვლის ზუსტი დრო... შიმშილის ზღვარზე მყოფ შვილების გაძლებაზე რთული, ემიგრანტებისთვის გზა არ ყოფილა... ჯერ გაჭირვებით და მერე გაუთავებელი სიარულით გადაქანცულ ქალბატონებს სამ ღამეში საბერძნეთში დასთენებიათ. ვისაც გაუმართლა, მკაცრ გარემო პირობებს გადაურჩა. არიან ისინი, ვინც სამწუხაროდ, ჭაობში ჩაიძირა, ჩაიძირა პირდაპირი მნიშვნელობით.

არიან ისეთები, ვინც საკუთარ სამშობლოში ჯერ ყოფამ, მერე კი კლდემ არ დაინდო... ჩაძირულ და გადაჩეხილ დაკარგულ ქართველებს არავინ ეძებდა.

ისტორიების გახმაურებას ერიდებოდნენ, თავად არალეგალები, დასახმარებლად და სხვის გადასარჩენად არავის იხმობდნენ... დუმილს მათი მშიერი შვილების, მშობლების, მეუღლეების მიმხდარი თვალები ათმენინებდათ... თუმცა, მაინც ისმოდა აქა იქ, კანტი-კუნტად მსგავსი ტრაგედიების შესახებ ისტორიები... ბოლო დროს კი, ევროპაში მოხვედრის ამ მტანჯველ, რთულ და გაუსაძლის გზებს ერთიც დაემატა, რამდენიმე ევროდ გასაყიდი საფეხმავლო რუკა, მხოლოდ რუკა, ყოველგვარი გადამყვანის გარეშე,- თურქეთის ღია ცის ქვეშეთიდან საბერძნეთის ცამდე გადასაპარი გზის მარშრუტი ჭაობებით, სალი კლდეებითა და უდაბური ტყეებით...

ეს ხიფათით სავსე გზები ნამდვილად გავლილია. ევროპაში მოხვედრის ხერხებიც რეალურია. ბევრი მსხვერპლი და უფრო ბევრი შიმშილს გადარჩენილი ქართული ოჯახები ემიგრანტთა ანგარიშზეა.

ემიგრანტები უცხო მიწაზე, უცხოდ მძიმე ყოფას უძლებენ საქართველოში ქართველი ნათესავების გადარჩენის სანაცვლოდ... ვიღაც იტყვის ნებაყოფლობითო... არა, მათ თავისუფალი ნება არ ჰქონიათ, ამ უსახელო გმირებს შვილებისთვის მებრძოლი დედები, ოჯახების ფიზიკურად გადამრჩენელი ქალები ეწოდებათ...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს ემიგრანტების რიცხოვნობა 98 935 კაცით განისაზღვრა. რაც წინა წელთან შედარებით და წინა წელთან შედარებით 15.8 პროცენტითაა გაზრდილი.

წყარო: primetime.ge

ტეგები