მარიამ ჯაში: ქართული სასკოლო სისტემა უნდა გავხადოთ საერთაშორისო სივრცის ნაწილი
ამობეჭდვა · 08 / 05 / 2019 15:16
მარიამ ჯაში: ქართული სასკოლო სისტემა უნდა გავხადოთ საერთაშორისო სივრცის ნაწილი

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მულტი-ნაციონალურ საგანმანათლებლო ორგანიზაციის SABIS-ის პრეზიდენტს, კარლ ბისტანსა და დელეგაციის წევრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან და ზოგადი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ.

„SABIS დაინტერესებულია, საერთაშორისო სკოლა დააფუძნოს თბილისში. ზოგადად, განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაცია არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. უმაღლესი განათლების ხარისხის აღიარების თვალსაზრისით, უდიდესი წარმატება არის მიღწეული ENQA-ში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილების მიღებით. ჩვენ, ასევე, სკოლის სისტემაც უნდა გავხადოთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ნაწილი. ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო სტანდარტებთან, არის მისასალმებელი“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ.

SABIS არის გლობალური საგანმანათლებლო ქსელი, რომელსაც ასოცდაათწლიანი ისტორია აქვს და 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ორგანიზაციის სკოლებში, მსოფლიოს მასშტაბით, 70 000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს.



 

ტეგები