სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ქართულ სპორტში დავების განმხილველი სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელა
ამობეჭდვა · 08 / 05 / 2019 20:26
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ქართულ სპორტში დავების განმხილველი სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა-სემინარი თემაზე „საარბიტრაჟო სისტემის განვითარება ქართულ სპორტში: რეალობა და შემდეგი ნაბიჯები“.

სემინარში, კანონმდებლებთან ერთად, მონაწილეობდნენ საერთაშორისო ექსპერტი შვეიცარიიდან, სპორტის სამართლის სპეციალისტი და შვეიცარიის ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტი ლუსიენ ვალონე,

აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების, სპორტული ფედერაციების, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სპორტული ჟურნალისტები.

შეხვედრა გახსნა და მის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა და განსახილველი თემის აქტუალობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„თემა, რომელიც სპორტული დავების განხილვას უკავშირდება, ყოველთვის აქტუალურია, ვინაიდან მნიშვნელოვანია რომ ყველგან და, მათ შორის, განსაკუთრებით სპორტში, დაცული იყოს სამართლიანობის პრინციპი. არაერთი მცდელობა იყო, რომ საქართველოში დავების განხილვის ისეთი სტრუქტურა, სისტემა, ინსტიტუტი ჩამოყალიბებულიყო, რომ ყველას ჰქონოდა განცდა - საქართველოში სპორტული დავების თვალსაზრისით ნებისმიერი ადამიანი სამართალს იპოვიდა და თავის სიმართლეს დაამტკიცებდა. ჩვენ დღესაც ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ და იმედი მაქვს ჩვენი სტუმრის გამოცდილება სპორტული დავების განხილვასთან დაკავშირებული სისტემების თაობაზე დიდად წაგვადგება, რათა ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვაყალიბოთ ისეთი ინსტიტუტი, სადაც დავების განხილვა იქნება ყველასათვის ხელმისაწვდომი, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამართლიანობის განცდა გაჩნდება თითოეულ ჩვენგანში“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ მთელი სპორტული სამყარო გაერთიანდება ამ მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ჩამოყალიბების საქმეში, ვინაიდან სპორტული დავები სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და აუცილებელია მათი სამართლიანად, სამართლებრივი გზით გადაწყვეტა.

შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სახელით მიმართა მისმა თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრმა ლერი ხაბელოვმა და განაცხადა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ საარბიტრაჟო სისტემა ისევე განვითარდეს საქართველოში, როგორც ეს ევროპაშია, რადგან სპორტული დავები, სპორტსმენთა უფლებების დაცვა მაინც სპეციფიკურ სფეროს წარმოადგენს და აუცილებელია ქართულ სპორტში დავების განმხილველი სრულყოფილი სისტემის ჩამოყალიბება.

შეხვედრას მოდერატორობას უწევდა ანატოლი კორეპანოვი, „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ მოწვეული ექსპერტი, „სპორტი განვითარებისათვის - საქართველო“დამფუძნებელი.

მან ამასთანავე ისაუბრა საკითხზე - „სპორტში კარგი მმართველობა და მისი გავლენა სამართლიანი სასამართლო უფლებაზე“.

საკითხის მიმოხილვა ეყრდნობოდა კვლევას „კარგი მმართველობების პრინციპების გამოყენება ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ“, რომელიც 2018 წლის ოქტომბერ-დეკემბერში ჩაატარეს ხუთი ფედერაციის საფუძველზე - ფეხბურთი, ხელბურთი, ჩოგბურთი, საწყლოსნო სპორტი, მძლეოსნობა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქართულ სპორტში, სპორტულ ფედერაციებში არსებულ პრობლემებსა და დავებზე, სამინისტროს როლზე ამ დავების გადაწყვეტის საქმეში.

სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი დოლაბერიძის განცხადებით, დადგა დრო, რომ კარგი მაგალითები გადმოვიღოთ ევროპული სტრუქტურებიდან. მისი თქმით, სამინისტრო მზადაა გაითვალისწინოს მათი რეკომენდაციები და მოარგოს ისინი საქართველოს რეალობას.

საქართველოში სპორტული დავების განხილვის არსებული სისტემაზე, მის ნაკლოვანებებზე, დღეს არსებული სპორტული დავების მაგალითებზე ისაუბრა კესო ჩხიკვაძემ, „სოციალური დიალოგი სპორტში“ დამფუძნებელმა.

სპორტული დავების განხილვასთან დაკავშირებული სისტემების და საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ისაუბრა სპორტის სამართლის სპეციალისტმა ლუსიენ ვალონემ.

უცხოელმა ექსპერტმა შეკრებილი საზოგადოების ყურადღება ორ თემას მიაპყრო: არბიტრაჟის როლი და მნიშვნელობა თანამედროვე სპორტში; სპორტში დავების განხილვის არსებული ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმები.

შვეიცარიელმა ექსპერტმა ისაუბრა სპორტული არბიტრაჟის რაობასა და მისი განვითარების ისტორიაზე ( ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ), სპორტული დავების განხილვის სპეციფიკასა და მნიშვნელობაზე, სახელმწიფოს როლზე, დავების განხილვების სისტემასა და ფედერაციათა სამართლებრივ რეგულაციებზე, საერთაშორისო სპორტული არბიტრაჟის თაობაზე და სხვა.

მისი განცხადებით, მთავარია სამართლიანი სასამართლოს უფლების დამკვიდრება და თუ გვსურს, რომ ეროვნული არბიტრაჟი იყოს ქმედითი და სანდო, იგი უნდა შეიქმნას ევროპული კონვენციის მე-6 მუხლზე დაფუძნებით, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლებას ითვალისწინებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და საზოგადოებამ მათთვის საინტერესო საკითხებზე ექსპერტისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.

დასასრულ, გაიმართა დისკუსია იმის თაობაზე, თუ რა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯები საქართველოში სპორტული დავების განმხილველი სისტემის განვითარებისათვის, რა უნდა გააკეთოს ამ მიმართულებით თავის მხრივ სახელმწიფომ და რა უნდა გააკეთონ სპორტულმა ორგანიზაციებმა.

ექსპერტ ლუსიენ ვალონეს განცხადებით, დღევანდელმა საინტერესო შეხვედრამ დაადასტურა, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ნება ცვლილებებისა და იმედი გამოთქვა, რომ დასახული მიზნების განხორციელება აუცილებლად მოხდება, თავის მხრივ კი ქართულ მხარეს დახმარება აღუთქვა.

შეხვედრის შედეგები მიხეილ ყაველაშვილმა შეაჯამა და განაცხადა, რომ აუცილებელია შეიცვალოს მიდგომები ქართულ სპორტში დავების განმხილველი სისტემის რეფორმის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებით და ეს პროცესი ერთიან ინსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოში, ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტის შემდგომი განვითარების ჭრილში უნდა იყოს განხილული.

ტეგები