მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლე: ცოცხალი თავით, პარლამენტის წინ აქციას არ დავშლით
ამობეჭდვა · 09 / 05 / 2019 13:03
მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლე: ცოცხალი თავით, პარლამენტის წინ აქციას არ დავშლით

ჩვენ, ცოცხალი თავით, პარლამენტის წინ აქციას არ დავშლით, – ამის შესახებ პარლამენტთან მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლემ, მედიკო მარგოშვილმა განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას "პირველი არხი" წერს.

მისი თქმით, აქცია გაგრძელდება იმ შემთხვევაშიც, თუ მალხაზ მაჩალიკაშვილს დააკავებენ.

„არ მგონია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი დააკავონ. დღეს დილით მოვისმინე ჩანაწერი. ვფიქრობდი, მივიდე ტელევიზიაში და სიტყვა-სიტყვით გადავთარგმნო, თავის ძმისშვილს არიგებს. ერთადერთი, გოგაშვილზე ამბობს, რომ მაგის ვინაობა დაადგინოს, საფლავი რომ იცოდეს. ერთი სიტყვა ისმის, „უნდა ავაფეთქოთ გოგაშვილი“. წარმოიდგინეთ, შვილჩაცხრილული მამა, ასეთი ტრაგედიის მერე ქუჩაში დგას წელიწდანახენვარია, სამართალს ვერ პოულობს“, – განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის დედა გამოეხმაურა სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის გუშინდელ განცხადებასაც.

„გოგშვილს შვილი მალხაზ მაჩალიკაშვილმა მოუკლა და იმიტომ არის მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტი?! სიტყვა ტერორისტი ძალიან დაიზეპირეს ჩინოვნიკებმა. რამდენი მკვლელობა მოხდა, ერთი კვირის წინ ოთხი ადამიანი მოკლეს, მაგრამ ტერორისტია ჯერ არავის უთქვამს. უბრალოდ, ჩვენი ხეობის, ეთნიკური უმცირესობიდან უნდათ რომ ასეთი სახელი დაგვარქვას ამ სახელმწიფომ. არ ვიცი, ამას რა დავარქვა“, – განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

მისივე თქმით, თუ მისი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია არ იყო დაგეგმილი, საინტერესოა, რატომ არ არის დაკავებული კონკრეტული სპეცრაზმელი.

რაც შეეხება სოსო გოგაშვილის განცხადებად, რომ სპეცოპერაციის ღამეს პანკისში არ ყოფილა, მედიკო მარგოშვილი ამბობს, რომ გოგაშვილი იქ მეორე დილით ჩავიდა და მასთან შელაპარაკებაც მოუხდა.

„ჩემს შვილთან ვითხოვდი შესვლას, გზაში შემხვდა, მე და გოგაშვილს გვქონდა შელაპარაკება. მე არც ვიცოდი, მაშინ ვინ იყო გოგაშვილი. მან მითხრა, ვინ გყავდათ სტუმრებიო. თითის დაქნევით მითხრა, ხომ გახსოვს, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე რა მოხდაო? სტუმრები ვინ გყავდაო. სტუმრებს ვის გულისხმობთ არ ვიცი, მაგრამ სალოსზე რაც მოხდა ვუყურე, მერე რა შუაშია-მეთქი? თითის დაქნევით მითხრა, ძალიან კარგად იცი, რაც არისო“, – განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

ტეგები