ფონდი „ქართუ“ აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებს 12, 5 მილიონ ლარზე მეტით დააფინანსებს
ამობეჭდვა · 09 / 05 / 2019 18:10
ფონდი „ქართუ“ აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებს 12, 5 მილიონ ლარზე მეტით დააფინანსებს

ფონდი „ქართუ“ აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებს 12, 5 მილიონ ლარზე მეტით დააფინანსებს.

ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მეუფე თეოდორესთან ერთად აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები დაათვალიერა.

„ძეგლებს შეუზღუდავად ვაფინანსებთ, მოსწრება უნდა, რომ არ ჩამოიშალოს. სიძველეები მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

42 მეტრის სიმაღლის ტაძრის რესტავრაცია 2016 წელს დაიწყო. უკვე ამოყვანილია კედლები, ახლო მომავალში დაიწყება გუმბათის დაშენება. აღდგენილ ტაძარზე უძველესი დეტალები მაქსიმალურად შენარჩუნდება. ფონდი „ქართუ“ სარესტავრაციო სამუშაოებისთვის 12, 5 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.

აწყური პირველ საუკუნეშივე იქცა რელიგიურ ცენტრად. ტაძრის დღევანდელი ნაშთები აგებული უნდა იყოს მე-10 მე-11 საუკუნეებში. როგორც ცნობილია, აქ დიდი ხნის განმავლობაში იყო დაბრძანებული აწყურის სასწაულთმოქმედი ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი.

ისტორიული ძეგლების აღდგენა-რესტავრაციას ფონდი „ქართუ“ დაარსებიდან, 1995 წლიდან ახორციელებს. „ქართუს“ მიერ 900-ზე მეტი კულტურული, ისტორიული ძეგლი და ეკლესიაა რესტავრირებული.

მიმდინარე წელს ძეგლების აღსადგენად 20 მილიონი ლარი დაიხარჯება. აქედან მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში – 6 მილიონი ლარი. რეგიონში უკვე აღდგენილია 40-მდე ისტორიული ძეგლი. მათ შორისაა ვარძიის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ფარგლებში აღდგა გრუნტით დაფარული გამოქვაბულები და სამონასტრო კომპლექსი 20 %-ით გაიზარდა.

ტეგები